Accentnews.ge
ჰანტავირუსის აფეთქებები რუსეთში: 8 000 ინფიცირებული

ჰანტავირუსის აფეთქებები რუსეთში: 8 000 ინფიცირებული

27/03/2020 16:36:02 მსოფლიო

ბოლო დღეებში მსოფლიო მედიაში შეშფოთების მორიგი ტალღა აგორდა - პლანეტას ახალი სენი ემუქრება და ისევ ჩინეთიდანო. იუნნანის პროვინციის მკვიდრი მამაკაცი ჩინეთის პირველი მოქალაქე გახდა, რომელიც ჰანტავირუსისგან (hantavirus) გარდაიცვალა, - აუწყა ოთხშაბათს პლანეტას ჩინეთის ცენტრალურმა ტელევიზიამ.

ბოლოს მამაკაცმა შანდუნისკენ სარეისო ავტობუსით იმგზავრა. სხვა მგზავრები იქვე შეამოწმეს, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა.

ირკვევა, რომ ამ ვირუსის შესახებ დიდი ხანია, უწყიან რუსეთშიც, სადაც ბოლო წლებში ჰანტავირუსით გამოწვეული დაავადების მასობრივი აფეთქებებიც ფიქსირდებოდა და ჯამში 8 000-ზე მეტი მოქალაქე იყო ინფიცირებული.

როგორც რუსი ვირუსულოგები აღნიშნავენ, ჰანტავირუსის ყველაზე გავრცელებული სახეობა რუსეთში “პუუმალაა” და გასულ წელს მან ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ჰემორაგიული ცხელების მოულოდნელი აფეთქება გამოიწვია. დაავადება თირკმელებზე იძლეოდა გართულებას. საწყის ეტაპზე იგი ძალიან ჰგავდა კორონავირუსს – მაღალი სიცხე, სისუსტე, ღებინება, მაგრამ შემდეგ მათ ერთვოდა ტკივილი წელის, მუცლის არეში, სხეული წვრილი სისხლძარღვების ხეთქვის გამო გამონაყარით იფარებოდა და ადამიანს თანდათანობით უმტყუნებდა თირკმელები.

სულ 2019 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით (დაავადების პიკი ივლის-აგვისტოზე მოდის) რუსეთის 8635 მოქალაქე დაავადდა, მათგან ორი გარდაიცვალა (2018 წელს დაავადებულთა რაოდენობა 5853-ს შეადგენდა და გარდაცვალების შემთხვევები არ აღრიცხულა), - განუცხადა რუსულ გამოცემა «МК»-ს ტომსკის უნივერსიტეტის დოცენტმა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატმა ალექსანდრე ჟიგალინმა. - მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე კი, წინა წელთან შედარებით, ავადობის მაჩვენებელი უკვე გასამმაგებულია. მაგალითად, მხოლოდ ჩუვაშეთში იანვარ-თებერვალში ინფიცირების 86 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 2,7-ჯერ აღემატება.

ამ ფონზე “როსპოტრებნადზორი” დაავადების აფეთქების განმეორებისთვის ემზადება, თუმცა ამ ეტაპზე არც ვაქცინა არსებობს, არც წამალი.

გასულ წელს კონფერენციაზე ექსპერტებმა ტესტირებისა და მკურნალობის მეთოდები განიხილეს, თუმცა რეალურ პრეპარატებამდე ჯერ კიდევ შორია.

"რას შეიძლება, უკავშირდებოდეს დროდადრო ამ დაავადების აფეთქებები? - ალბათ, უფრო ანტისანიტარიას, მოუვლელ სანაგვეებს, რომლებიც ინფექციის მთავარ გადამტანს – მღრღნელებს იზიდავს. გასულ წელს სარატოვის მხარეში ე.წ. “თაგვის გრიპთან” დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრა. ისე კი ამ დაავადებისგან პენზისა და ნიჟეგოროდის ოლქების, ასევე მორდოვეთის, ბაშკირეთისა და უდმურტეთის მოსახლეობაც დაზარალდა” – ამბობს ჟიგალინი.

ჰანტავირუსი, რომლის შესახებაც ბევრმა ბოლო დღეებში პირველად გაიგო, თურმე, მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეშია გავრცელებული, თუმცა უფრო მეტად – ევროპასა და აზიაში.

მისით გამოწვეულ დაავადებას თავისი ისტორია აქვს. მისი პირველი სერიოზული აფეთქება, რომელიც «კორეული ჰემორაგიული ცხელების» სახელითაა ცნობილი, 1950—1953 წლების კორეული ომის დროს დაფიქსირდა. მაშინ 3 ათასზე მეტი ჯარისკაცი იქცა იმხანად უცნობი ვირუსის მსხვერპლად, რომელიც შიდა სისხლდენას და თირკმლის ფუნქციის დარღვევას იწვევდა. მედიცინის იმჟამინდელი დონე არ იძლეოდა შესაძლებლობას, დაავადების მიზეზები დაედგინათ და ვირუსი უცნობი რჩებოდა 1976 წლამდე, როდესაც იგი მღრღნელებში აღმოაჩინეს და აღწერეს.

ვირუსის ძირითადი ბუნებრივი რეზერვუარი ევროპაში მინდვრის თაგვია, რომელიც ირლანდიის სამხრეთიდან ციმბირის მდინარე ენისეამდე ტერიტორიაზე ყველგან ბინადრობს.

ვირუსი ადვილად ვრცელდება მღრღნელების მიერ კბენით და მათ ფეკალიებთან კონტაქტით. ექსკრემენტებიდან ვირუსი ადვილად ხვდება გარემოშიც და შემდეგ ადამიანის სასუნთქ გზებში. ინფიცირება ყველაზე ხშირად წელიწადის თბილ დროს ხდება, როცა ადამიანები მასობრივად გადიან აგარაკებზე და ბუნებაში.

ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ჰანტავირუსს მთლიანობაში, არ ახასიათებს, თუმცა ლათინური ამერიკის ქვეყნებში მსგავსი შემთხვევები ორჯერ დაფიქსირდა.

სიკვდილიანობის საშუალო მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით 35 პროცენტია, თუმცა ლეტალური შემთხვევების უმრავლესობას ვირუსის ამერიკული სახეობები – ე.წ. შავი ლაგუნას ვირუსი და სინ სომბრე (Sin Nombre) იწვევს. ევროპაში ბოლო დრომდე ლეტალური შემთხვევების შესახებ ცნობები არ არსებობდა და, როგორც ჩანს, ამიტომაც არ ეთმობოდა ჰანტავირუსს სათანადო ყურადღება.

ახლა, როცა ვირუსული ინფექციების თემამ მსოფლიოს მასშტაბით წინა პლანზე წამოიწია, ძვრებს ამ მხრივაც უნდა ველოდოთ, მით უფრო, რომ ჩინელებმა უკვე იციან, რომ ჰანტავირუსის გადატანა არა მარტო მინდვრის თაგვებს, არამედ თხუნელებსა და სხვა მღრღნელებს, ასევე ღამურებსაც შეუძლიათ.

კვლევების წარმოება დაიწყო ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტმაც. ჰანტავირუსის ერთბაშად რამდენიმე სახეობა მეცნიერებმა ღამურებისა და მინდვრის თაგვების ციმბირული პოპულაციის კვლევისას აღმოაჩნიეს.

“მიწის დამუშავებისას აუცილებლად იმუშავეთ ხელთათმანებით – თუნდაც ტილოსი იყოს. თუ სახლში მღრღნებელს შენიშნავთ, აუცილებელია, მოსპოთ. სახლების სიახლოვეს ნაგვისა და საწყობების არსებობა უნდა გამოირიცხოს” – გვირჩევენ სპეციალისტები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S