GIP– ექსპერტები საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად რეკომენდაციებით მიმართავენ
26/03/2020 07:05:31 საზოგადოება
23-25 მარტს საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა (GIP) რიგით მე–11 ექსპერტთა გამოკითხვა ჩაატარა. 40-მა ქართველმა და საერთაშორისო მკვლევარმა და პოლიტიკის ექსპერტმა უპასუხა შეკითხვებს ახლახანს გავრცელებული COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოს მზადყოფნასთან დაკავშირებით.
ექსპერტები საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად რეკომენდაციებით მიმართავენ.
„გამოკითხვის შედეგების თანახმად, ექსპერტების უმრავლესობამ ძირითად გამოწვევად მოქალაქეების მხრიდან საგანგებო მდგომარეობის წესების დაუმორჩილებლობა დაასახელა. შესაბამისად, ძირითადი რეკომენდაცია იყო მოქალაქეების მხრიდან კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის წესების მიმართ დამორჩილების მექანიზმების მკაცრად გატარება .
მეორე ყველაზე ხშირად დასახელებული რეკომენდაცია იყო ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის წესების მიმართ დამორჩილების უზრუნველყოფა, რასაც სიხშირის მიხედვით მოყვებოდა ორი სხვა რეკომენდაცია: ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად გეგმის შემუშავება და საინფორმაციო კამპანიის გაუმჯობესება, განსაკუთრებით, უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში.
დანარჩენ რეკომენდაციებს შორის იყო: სოციალური სარგებელი და ფინანსური დახმარების გაზრდა მოსახლეობისა და მცირე ბიზნესებისთვის, აგრესიული ტესტირების დაწყება, დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა/აღჭურვილობის წარმოება და კერძო ბიზნესების კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა", – ნათქვამია საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევაში.
რეკომენდაციები:
- მოქალაქეების მხრიდან კარანტინისა და საგანგებო მდგომარეობის წესების მიმართ დამორჩილების მკაცრი მექანიზმების გატარება
- ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან საგანგებო მდგომარეობის წესების მიმართ დამორჩილების უზრუნველყოფა
- ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად გეგმის შემუშავება
- საინფორმაციო კამპანიის გაუმჯობესება (მათ შორის უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში)
- სოციალური სარგებელი და ფინანსური დახმარება მოსახლეობისა და მცირე ბიზნესებისთვის
- აგრესიული ტესტირების დაწყება
- დამატებითი ინფრასტრუქტურის შექმნა/აღჭურვილობის წარმოება
- კერძო ბიზნესების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
- თბილისის მიუსაფარ ძაღლებზე ზრუნვა
- ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება
- საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების უზრუნველყოფა
"ბოლოს, GIP-იმ რესპონდენტებს, ასევე, ჰკითხა, თუ რა გზებით შეუძლიათ სამოქალაქო საზოგადოებასა და კვლევით ორგანიზაციებს საქართველოში COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შეტანა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ სამოქალაქო საზოგადოებისა და კვლევით ორგანიზაციებს შეუძლიათ თავიანთი ქსელებისა და რესურსების გამოყენება მოშორებული რეგიონების, უმცირესობებით დასახლებული რეგიონებისა და საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფებისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და მხარდაჭერისთვის. ასევე, აღნიშნულ ორგანიზაციებს შეუძლიათ რესურსების გამოყენება შემდეგი მიმართულებებით: სიძულვილის ენის წინააღმდეგ მუშაობა; საინფორმაციო კამპანიებისა და საგანმანათლებლო აქტივობების ჩატარება ცნობიერების ამაღლებისა და საჯარო ჯანდაცვისა და ეკონომიკის მიმართ საფრთხეებისა და რისკების გაცნობიერების მიზნით; სადამკვირვებლო ფუნქციის გაგრძელება და მთავრობის მონიტორინგი, რათა თავიდან იქნეს აცილებული კრიზისის პერიოდში კორუფციის შემთხვევები; COVID-19-თან დაკავშირებული ყალბი ახალი ამბებისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ მუშაობა; და მოსახლეობის დახმარება ელექტრონული სწავლის, სწავლებისა და კომპიუტერული უნარების გაუმჯობესების მიმართულებით.
ყოველივე ამის გარდა, კვლევით ორგანიზაციებს შეუძლიათ როგორც გატარებული პოლიტიკის, ასევე მოსახლეობისა და პასუხისმგებელი პირების ცოდნისა და მზაობის დონის გაანალიზება და შეფასება. მათ ასევე შეუძლიათ ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გამოსავლის შეთავაზება და ისეთი ონლაინ მასალების მომზადება, როგორებიცაა ინტერაქტიული საგანმანათლებლო აქტივობები, კვლევის მიგნებები, პრეზენტაციები და სხვა ონლაინ საშუალებები", – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მისივე ცნობით, წარმოდგენილი მონაცემები ეყრდნობა მიმდინარე მოვლენების პოლიტიკურ შეფასებას. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტმა გამოკითხა სპეციალისტები, მკვლევარები და ექსპერტები, რომლებიც მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან და მუშაობენ საქართველოს პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რესპონდენტების უმეტესობას არ აქვს ეპიდემოლოგიის ან ჯანდაცვის სფეროების კვლევის ან მათზე დაკვირვების გამოცდილება. გამოკითხული 40 ექსპერტიდან 20 არის ქართველი, ხოლო დანარჩენი 20 - უცხოელი. რესპონდენტების უმრავლესობამ აღნიშნა, რომ ისინი „სრულად“ ან „ნაწილობრივ“ არიან ინფორმირებული საქართველოში COVID-19-ის გავრცელებისა და მის წინააღმდეგ მიღებული პოლიტიკური ზომების შესახებ.


