აშშ–ში კორონავირუსით მოზარდის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
25/03/2020 06:29:09 მსოფლიო
აშშ–ში, ლოს ანჯელესში ახალი კორონავირუსით მოზარდის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამერიკული მედიის ცნობით, მოზარდი 18 წლამდე ასაკის ბიჭია. გარდაცვლილთან დაკავშირებით სხვა დეტალები არ ვრცელდება.
„ბავშვის გარდაცვალება გამანადგურებელია შეტყობინებაა ყველასათვის, რომ ამ ვირუსმა ასაკი არ იცის“, – განაცხადა ლოს ანჯელესის ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ბარბარა ფერერმა.
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ეს მსოფლიოში კორონავირუსით მოზარდის გარდაცვალების მე–3 შემთხვევაა. მანამდე დაავადებამ 10 თვის ჩვილი და 14 წლის ბიჭი ჩინეთში იმსხვერპლა.
„გარდაცვალების შესახებ მონაცემების თანახმად, რომელსაც ჩვენ გვიგზავნიან, ევროპაში ახალი კორონავირუსით 15 წლამდე ასაკის მოზარდის გარდაცვალების ფაქტი არ ფიქსირდება. ვიცით, რომ იყო ერთი შემთხვევა ჩინეთში, როცა დაავადებამ 14 წლის ბიჭი იმსხვერპლა. მინდა, დავამშვიდო დედები და მამები, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვებში ეს ვირუსი გამწვავებული ფორმით არ მიმდინარეობს“, – განაცხადა თეთრი სახლის კოორდინატორმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში დებორა ბირქსმა.
უკანასკნელი მონაცემებით, კორონავირუსმა აშშ–ში 700 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულია 54 000.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 18 900 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 422 000–ს გადააჭარბა, 104 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 73 შემთხვევაა დადასტურებული. 73 ადამიანიდან 9 გამოჯანმრთელებულია.


