ზუგდიდის მერი: „პოლიციასთან ერთად ვაკონტროლებთ მიმდინარე ქელეხებს“
23/03/2020 12:50:12 საზოგადოება
ახალი ტიპის კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ შეკრებებისგან, მათ შორის – სარიტუალო ღონისძიებებისგან.
23 მარტს გამართულ ბრიფინგზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ განაცხადა, რომ ქელეხებში მოქალაქეთა შეკრების შეზღუდვას პოლიციასთან ერთად აკონტროლებს მერიის ზედამხედველობის სამსახურიც.
„ჩვენი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ძალიან რთულია, ერთბაშად შევიზღუდოთ ამ კუთხით და ადამიანებს შევუზღუდოთ გასვენებებში მისვლა, თუმცა ჩვენი ზედამხედველობის სამსახური პოლიციასთან ერთად ჩართულია ამ პროცესში და ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ მუნიციპალტეტში მიმდინარე ქელეხებს და მაქსიმალურად ვუწევთ ორგანიზაციას მოქალაქეებს, რომ საგანგებო პირობებში შეზღუდვები იქნეს დაცული და მოქალაქეები არ შეიკრიბონ დისტანციის დაცვის გარეშე“, - განაცხადა მერმა გიორგი შენგელიამ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია მიცვალებულის პატივისცემა, თუმცა მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ქელეხები.
ცნობისთვის: საქართველოში ქელეხები და ქორწილები აიკრძალა.


