
"რუსთავის აზოტმა" COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ხაზინის შესაბამის ანგარიშზე 100 000 ლარი გადარიცხა
23/03/2020 10:52:42 ეკონომიკა
ს.ს. "რუსთავის აზოტმა" COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ხაზინის შესაბამის ანგარიშზე 100 000 ლარი გადარიცხა. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს.
"ახალი კორონა ვირუსი COVID-19 ის გავრცელებით მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში შექმნილი გამოწვევის გამო გაცნობებთ შემდეგს, რომ: გვაქვს ყოველდღიური მჭიდრო ურთიერთობა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. გვესმის რა, დღეს შექმნილ საყურადღებო ვითარება ქვეყანაში, გვინდა ვაცნობოთ ფერმერებს, რომ ქარხანა აგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში და ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას სრულად. აქვე აღვნიშნავთ, რომ ადგილობრივი ბაზარი წარმოადგენს ჩვენი, საერთო წარმოების მხოლოდ 7% დან 10%-ს. სს ,,რუსთავის აზოტი“ არის ქვეყანაში ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი, შეგვაქვს რა წილი ეროვნული ვალუტის და ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის ფორმირებაში. სს ,,რუსთავის აზოტი“ აგრძელებს ჩვეულ, უწყვეტ რეჟიმში, როგორც ადგილობრივი ასევე საექსპორტო ბაზრების თანმიმდევრულ მომარაგებას ამონიუმის გვარჯილით. სს ,,რუსთავის აზოტის“ ქარხანა, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის საწარმო საქართველოში ეხმაურება მთავრობის ინიციატივას ,,სტოპ-COVID-19“ და დღეს შესაბამის ხაზინის ანგარიშზე გადარიცხა 100,000 ლარი სპეციალური საჭიროებებისათვის", – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 14 600 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 336 000–ს გადააჭარბა, 98 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 180-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული. 8 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.