„მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანია იწყება“
21/03/2020 19:59:07 საზოგადოება
„მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანია იწყება“, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა.
„ჯერ იყო და ჩინელებზე იყო რაღაც და კიდევ კარგი, რომ მაშინ მედიას სწორი პოზიცია ეკავა და იცავდა ჩინელებს უსაფუძვლო თავდასხმებისგან. ახლა მეჩვენება, რომ მორწმუნეების დევნის კამპანიაა… ურწმუნო მორწმუნეს ვერასოდეს გაუგებს იმიტომ, რომ სხვანაირად უყურებენ ისინი ცხოვრებას. ამიტომ ყველანი ცოტა ფრთხილად ვიყოთ ამ თემაზე. კომუნისტების პირველ ეტაპზე იყო ასეთი, „მებრძოლ-უღმერთოთა კავშირი“, იმ მეთოდებით ეკლესიასთან ბრძოლა არ შეიძლება“, – განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
დღეს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა და ეს ყველას, მათ შორის ეკლესიასაც ეხება. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ "პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, რწმენის თავისუფლება შეზღუდული არ არის".
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, ხვალ საკვირაო წირვა ყველა ტაძარში ჩვეულებრივ ჩატარდება. როგორც პატრიარქის პრეს–მდივანმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან მხოლოდ ერთი რეკომენდაცია მიიღეს - ეკლესიაში მყოფმა პირებმა დაიცვან დისტანცია.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 49 შემთხვევაა დადასტურებული. 48 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.


