რას გეგმავს სახელმწიფო უსახლკაროებთან მიმართებაში კორონავირუსის მეორე ეტაპის ფონზე
20/03/2020 12:36:26 საზოგადოება
იმ ფონზე, როდესაც მთავრობა ახალი ტიპის კორონავირუსთან მიმართებაში შეკავებიდან გავრცელების შენელების ეტაპზე გადასვლას აანონსებს, რეკომენდაცია სოციალური დისტანცირებაა: მოქალაქეებს შინ დარჩენისა და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, გარეთ გამოსვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. თუმცა, ცნობილია, რომ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თავშესაფარი უბრალოდ არ აქვთ – ღამეებს ქუჩაში ათევენ და ამ პირობებში სოციალურ დისტანცირებასა და ჰიგიენის აუციელებლი ნორმების დაცვაზე საუბარი რთულია. ამასთან, არსებობენ მოქალაქეებიც, რომელთა საცხოვრისიც ელემენტარულ ჰიგიენურ პირობებს ვერ აკმაყოფილებენ.
„აქცენტი“ დაინტერესდა, ამ მიმართულებით რა ზომების მიღებას გეგმავს სახელმწიფო.
19 მარტს თბილისის მერიაში განგვიცხადეს, რომ „ლილოს თავშესაფარი აღჭურვილია ყველა საჭირო სადეზინფექციო საშუალებით, ამ დროისთვის ნახევრადაა დატვირთული და მზადაა, მსურველები სათანადო შემოწმების შემდეგ მიიღოს“.
20 მარტს თბილისის მერმა კახა კალაძე აღნიშნა, რომ „თუ საჭიროება იქნება, მერია უსახლკაროებისთვის სპეციალურ, დროებით თავშესაფრებს შექმნის“:
„ჩვენ გვაქვს ლილოს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, განვათავსოთ ლილოს თავშესაფარში. სანამ მათი შესახლება მოხდება, განხორციელდება სრული შემოწმება, რომ ყველანაირად დაზღვეულები ვიყოთ.
თუ იქნება აუცილებლობა და გახდება საჭირო დამატებითი, დროებითი თავშესაფრები შეიქმნას, ჩვენ ამას გავაკეთებთ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ლილოს თავშესაფარი ცარიელია“.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლის კოტე ერისთავის განცხადებით, „სახელმწიფო არ აწარმოებს სტატისტიკას, არ ვიცით უსახლკაროების რაოდენობა, მათი საჭიროებები, შესაბამისად, არ არის დადგენილი არც პრევენციული და რეაგირებითი ღონისძიებები“.
„უსახლკაროთა მიახლოებითი რიცხვის თქმაც კი რთულია, მაგალითად, 40 000–მდე მოქალაქე თბილისის მასშტაბით სხვადასხვა შენოებებშია შეჭრილი, მაგრამ ესეც არ გვაძლევს რეალურ მასშტაბზე წარმოდგენას. გარდა იმისა, რომ მოქალაქეთა ნაწილი ქუჩაში ცხოვრობს, რთულია მათი მდგომარეობა, ვინც სხვადასხვა შენობებშია შეჭრილი – წყალზე არ აქვთ წვდომა და ა.შ.“,– ამბობს „აქცენტთან“ ერისთავი.
მისივე თქმით, ქალაქგარეთ შენობის აშენება და შიგ მოქალაქეთა შესახლება გამოსავალი არაა, მით უფრო, თუ ის გადაადგილებისა და სხვადასხვა სერვისებზე წვდომის შესაძლებლობას არ იძლება მაგალითად, იმ პირებისთვის, რომლებიც ქუჩაში შემწეობის თხოვნით ირჩენენ თავს.
ორგანიზაცია ხელისუფლებას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:
- უმოკლეს დროში, პროაქტიურად მოახდინონ უსახლკარო, განსაკუთრებით, ქუჩაში მცხოვრები პირების იდენტიფიცირება, მათთვის უსაფრთხო, თავშესაფრის დანიშნულების ფართის მოძიება და გადაყვანა, სადაც აღნიშნულ პირებს ექნებათ წვდომა საცხოვრებლად აუცილებელ მინიმალურ პირობებსა და სამედიცინო სერვისებზე;
- სულ მცირე, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მხრივ სტაბილურობის მიღწევამდე, გაგრძელდეს უძრავი ქონების მიმართ აღსრულების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მოქმედება;
- მუნიციპალიტეტებმა უმოკლეს დროში მოახდინონ არაკონვენციური დასახლებების (მაგალითად, ე.წ. „ოცნების ქალაქის“ და არაკონვენციურ ობიექტებში მაცხოვრებელი პირების) პროაქტიური შემოწმება, რომელიც მიმართული იქნება ასეთ დასახლებებსა და ობიექტებში მცხოვრები ოჯახების საჭიროებების შესწავლისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების აღმოფხვრისაკენ;
- უმოკლეს დროში მოხდეს განცხადებაში მითითებული ჯგუფების ინფორმირება, ერთი მხრივ, ეპიდემიის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ და, მეორე მხრივ, დაავადების მიმდინარეობისა და სიმპტომების შესახებ, მათთვის მისაწვდომ ფორმატში;
- სახელმწიფომ მიიღოს ყველა ეფექტიანი ზომა უსახლკარობისა და განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური მოწყვლადობის მდგომარეობაში მყოფი პირების მხარდასაჭერად, მათ შორის, მიიღოს გადაწყვეტილება კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესებისა და მათი საჭიროებების შესაბამისი დამატებითი რელევანტური სოციალური პაკეტების უზრუნველყოფის მიმართულებით.


