
ივა ჭყონია: „ერთ დღეში ქვეყანაში უპრეცედენტო მარაგი შემოვა“
19/03/2020 10:22:19 ეკონომიკა
დისტრიბუტორთა ბიზნეს-ასოციაციის ხელმძღვანელი ივა ჭყონია მოქალაქეებს მოუწოდებს, ნუ მიეცემიან პანიკას, ვინადან ქვეყანაში პროდუქტის მარაგი არის და მეორეც, პირველადი მოხმარების პროდუქტზე ფასები არ გაიზრდება. როგორც ცნობილია, 9 სახეობის პროდუქტზე ფასების ზრდის შეჩერებაში მთავრობა ჩაიერთვება.
ივა ჭყონიას თქმით, „უახლოეს ერთ დღეში საქართველოში „საკმაოდ დიდი, უპრეცედენტო მარაგი შემოვა.
„2–3 თვის განმავლოვაში პროდუქცია რომ არ მივიღოთ, გვეყოფა, იმდენი შემოდის“,– აცხადებს ჭყონია.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ლარის გაუფასურების პროცესში ეროვნული ბანკი დროულად ჩაერთოს და არა იმფლაციის შემდეგ.
„ეს თემები [ფასების მატების] ოპერატიულად იქნა გავლილი სოფლის მეურნეობის სამინისტროში. იყო რამდენიმე მსხვილი კომპანია წარმოდგეილი, რომლებიც პირველადი პროდუქტის იმპორტს ახორციელებენ. კარგია, რომ კიდევ ორი პროდუქტი დაემატა, ალბათ ლობიოზეც იქნება საუბარი –ეს მნიშვნელოვანია. გავდივართ დეტალებს, რომ კონტროლის მექანიზმი იყოს მაქსიმალური და ვიღაცამ ამაზე ხელი არ მოითბოს. მკაცრად უნდა იყოს გაკონტროლებული. უპრეცედენტოა, როდესაც სახელმწიფო 3.0 კურსზე აზღვევს დოლარს და რაც ამის შემდეგ იქნება, თავის თავზე იღებს. ჩვენი მხრიდან 100%–იანი პირობაა მიცემული, რომ დარჩება ის ფასები, რაც წინა კვირას იყო ახალი იმპორტის პირობებშიც და მომავალშიც, სანამ ეს შოკური პერიოდია. თუ ეროვნული ბანკი დროულად არ ჩაერია, ფასები სხვა პროდუქტებზე სამწუხაროდ, აუცილებლად შეიცვლება. ჩარევა დროულად უნდა მოხდეს და არა დაგვიანებით“,– განაცხადა ჭყონიამ.