
„ფასების სპეკულაციური გაზრდის შემთხვევაში სამართალდამცავები რეაგირებას მოახდენენ“
18/03/2020 12:30:12 ეკონომიკა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, თუ ბაზარზე ფასების სპეკულაციური გაზრდა დაფიქსირდება, სამართალდამცავი ორგანოები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
როგორც მინისტრი განმარტავს, აღნიშნულს საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს.
„თუ იქნება სპეკულაციური ფასების გაზრდა, არსებობს გარკვეული იურიდიული მექანიზმები, რომლებზეც სამართალდამცავები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ეს ჩვენი კანონდებლობით არის განსაზღვრული. რაც შეეხება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაზუსტების კუთხით, ჩვენი სამნინისტრო ძალიან მკაცრი იქნება“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, მინისტრის თქმით, საზოგადოებრივი კვების ობიექტები განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე უნდა გადავიდნენ:
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ძირითად მასობრივი თავშეყრის ადგილებში შეიზღუდა მოსახლეობის ყოფნა, მათ შორის ეს კვების ობიექტებს ეხება. საზოგადოებრივი კვების ობიექტები უნდა გადავიდნენ განსაკუთრებული მუშაობის რეჟიმზე. ჩვენ ამაზე გამოვეცით სპეციალური ბრძანება და სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ამის აღსრულება. მუდმივი მონიტორინგი იქნება, რომ ეს 100%-ით შესრულდეს.გამოირიცხება საზოგადოებრივი კვების ობიექტებში ისეთი ტიპის მომსახურება, რომელიც გულისხმობს საზოგადოების თავშეყრას. იქნება მიტანის სერვისი დაშვებული, ან საავტობომილო, მაგალითად „მაკდრაივი“ და სხვები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჯანდაცვის უზრუნველყოფა მოვახდინოთ ამ კრიზიულ სიტუაციაში“, - განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოში საკვებ პროდუქტებთან დაკავშორებით კრიზისის შექმნის საფუძველი არ არსებობს.