
მინისტრი – საზღვარგარეთიდან თანამოქალაქეების ჩამოყვანაზე: "სახელმწიფო გარკვეულ თანამონაწილეობას გაიღებს, მაგრამ ბილეთი იქნება ფასიანი"
18/03/2020 12:08:49 ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საზღვარგარეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოსაყვანად მთავრობა ავიაკომპანიების რეისებს დაასუბსიდირებს. თუმცა, მინისტრის განცხადებით, ბილეთები ფასიანი იქნება.
„აქ საუბარი არის არა უფასო რეისებზე, საუბარია კომერციულ რეისებზე, რათა ეს კომერციული რეისები იყოს მდგრადი, იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ავკრძალეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩამოსვლა, რა თქმა უნდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები გამოაკლდნენ ამ კომპანიების პოტენციურ მგზავრებს და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები ვერ იქნება იმ რაოდენობით წარმოდგენილი, რომ ხომალდის გაგზავნა იყოს კომერციულად მდგრადი. ჩვენ გარკვეულ თანამონაწილეობას გავიღებთ და შევავსებთ, მაგრამ ბილეთები იქნება ფასიანი. ასევე გეტყვით, რომ შევთანხმდით და ბილეთების ფასი, რომელიც ამ ბოლო დროს კრიტიკას იწვევდა, რადგან საკმაოდ მაღალი იყო, თანამონაწილეობის შედეგად სერიოზულად დაიკლებს და იქნება ძალიან ხელმისაწვდომი“, - განაცხადა თურნავამ.