Accentnews.ge
ხვალიდან საქართველოში მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დამზადება იწყება

ხვალიდან საქართველოში მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დამზადება იწყება

18/03/2020 11:28:12 ეკონომიკა

ხვალიდან საქართველოში მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დამზადება იწყება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

"პრემიერ-მინისტრის დავალებით და კერძო ბიზნესის ჩართულობით შევიმუშავეთ პროგრამა საქართველოში ადგილობრივი პირბადეების დამზადებისა და კერვის შესახებ. ხვალიდან უკვე ვიწყებთ პრაქტიკულად პირბადეების დამზადებას საქართველოში. პირველი საწარმო, რომელიც ამ პროგრამაში ჩაერთო, არის „აჭარა ტექსტილი“. პირადად ვესტუმრები ხვალ ამ საწარმოს, რათა პირბადეების პირველი პარტია ჩემი თვალით ვნახო“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, 10-მდე სამკერვალო საწარმოა ჩართული პროგრამაში, ასევე რამდენიმე კომპანია, ვისაც შემოაქვს აუცილებელი ნედლეული.

„ადგილზე გვაქვს საკმარისი მარაგი, რომ პირველი პარტიები უკვე ვაწარმოოთ. პირბადეების პირველი რაოდენობა იქნება შეძენილი სახელმწიფოს მიერ და შექმნის იმ აუცილებელ მარაგს, რომელსაც შემდეგ ჩვენ კერძო სექტორთან ერთად გადავანაწილებთ იმ კონტინგენტზე და ადამიანებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდება. ყველაზე მეტი შეხება აქვთ სხვებთან, მაღალი რისკის კატეგორიასთან“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავამ განმარტა, რომ საუბარია მრავალჯერადი გამოყენების პირბადეებზე:

„მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა კომპანიას, ვინც ამ პოგრამაში ერთვება, რადგან ბევრი კომპანია უანგაროდ მონაწილეობს კერვაში, იგივე „აჭარა ტექსტილიც“, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ გარკვეული რაოდენობა შეკერონ უსასყიდლოდ. ასევე კომპანიები, რომლებიც გვაწვდიან აუცილებელ ნედლეულს, აქაც გარკვეული მოცულობა იქნება უსასყიდლოდ მოწოდებული და ეს არის იმ დიდი კონსოლიდაციის, ერთსულოვნებისა და პატრიოტიზმის გამოხატულება, რაც ამ რთულ პერიოდში ყველა ჩვენგანს და ჩვენს საზოგადოებას ახასიათებს“.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 38 შემთხვევაა დადასტურებული. 37 ინფიცირებული მკურნ​ალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.

ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.

მსოფლიოში "COVID-19"–მა 8000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 197 000–ს გადააჭარბა, 83 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.

"სადღეისოდ „COVID-19“–ის სამკურნალოდ სპეციალური წამალი არ არსებობს, თუმცა ვირუსისგან განკურნება სიმპტომური მკურნალობით არის შესაძლებელი“, – განაცხადა WHO–ს გადაუდებელი დახმარების პროგრამის დეპარტამენტის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რიანმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S