
"საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი სახსრები საქართველოსთვისაც ხელმისაწვდომი იქნება"
18/03/2020 09:00:08 ეკონომიკა
"საერთაშორისო ორგანიზაციებმა პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური გავლენის შესამცირებლად გარკვეული სახსრები გამოყჰვეს, რომელიც საქართველოსთვისაც ხელმისაწვდომი იქნება", – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა.
"გასული წლის დეკემბერში საქართველომ ერთი წლით გააგრძელა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი გაფართოებული დაფინანსების სამ-წლიანი პროგრამა და ის 2021 წლის აპრილში დასრულდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოქმედი პროგრამის არსებობა, მოულოდნელი საგარეო, თუ შიდა შოკებთან გასამკლავებლად კარგ საშუალებას იძლევა. ამიტომ ეს გადაწყვეტილება, როდესაც ჩვენ გავაგრძელეთ გასული წლის დეკემბერში საქართველოს ხელისუფლებამ, ეკონომიკურმა გუნდმა, ძალიან წინდახედული და სასარგებლო აღმოჩნდა. დღეს საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ უპირატესობის გამოყენებას აპირებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის გუნდთან უკვე დავიწყეთ დისკუსია, მოქმედი პროგრამის ფარგლებში, ფინანსურ რესურსებზე წვდომის გაზრდასთან დაკავშირებით“, – განცხადა კობა გვენეტაძემ.
მისივე თქმით სავალუტო ფონდისგან დახმარება, სხვა საერთაშორისო და ორმხრივი დონორებისგან ფინანსური დახმარების სწრაფად მიღების კარგ წინაპირობას ქმნის:
„მნიშვნელოვანი მოცულობის ფინანსური დახმარება ხელისუფლებას კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გამკლავებისა და საგარეო შოკის ეკონომიკაზე ზეგავლენის მინიმიზაციის საშუალებას მისცემს. ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტი, უცხოური ვალუტის გაყიდვების ჩათვლით, სავალუტო ბაზრის მხარდაჭერის მიზნით. ფინანსური დახმარების ზომა, რომელიც აღმოჩნდა, რომ იქნება მნიშვნელოვანი და მატერიალური, ასევე სხვა დეტალები მოგვიანებით იქნება ცნობილი, როდესაც უფრო ნათელი სურათი შეიქმნება შოკის ზომასთან დაკავშირებით და დონორებთან მოლაპარაკებები დასრულდება. თუმცა, უკვე ჩვენ მივმართეთ დონორებს და განხილვები არის დაწყებული“.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ყველა ეს ზომა მატერიალური, ფინანსური რესურსების მობილიზება ხელს შეუწყობს საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას ქვეყანაში:
„ამავე დროს, თუ ვისაუბრებ ეროვნული ბანკის გადმოსახედიდან, ეს აღმოფხვრის ნომინალურ ეფექტურ გაცვლით კურსზე გავლენასა და მისგან მომავალ გავლენას ინფლაციაზე, ინფლაციის საშუალოვადიან დინამიკაზე და დადებითად აისახება. ვფიქრობ, რომ ასეთი მიდგომით, პროაქტიური ქმედებით, ფინანსური რესურსების მოძიების თვალსაზრისით, საქართველო რაც შესაძლებელია ნაკლები დანაკარგებით შეძლებს ამ სიტუაციიდან გამოსვლას და შემდეგ, როდესაც ზრდა დაუბრუნდება ძველ დინამიკას, უფრო დინამიური და უფრო მაღალი იქნება“.