
„ენერგო–პრო“ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის გადავადების საკითხს მიმართვიანობის შემთხვევაში განიხილავს
18/03/2020 08:19:00 ეკონომიკა, საზოგადოება
„ენერგო–პრო ჯორჯია“ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის „გონივრული ვადით“ გადავადების საკითხს მიმართვიანობის შემთხვევაში ინდივიდუალურ რეჟიმში განიხილავს. ამის შესახებ „აქცენტს“ კომპანიაში განუცხადეს.
„განცხადებებით მომართვიანობის შემთხვევაში საკითხს ინდივიდუალურ რეჟიმში განვიხილავთ. ამ ეტაპზე ბიზნესიდან მხოლოდ ერთეული განცხადებებია დაფიქსირებული“,– აცხადებენ კომპანიაში.
ამასთან, „ენერგო–პრო“–ში განმარტავენ, რომ მათ მიერ მოსახლეობისა თუ კომპანიებისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის 70% იმპორტირებულია.
ცნობისთვის: საქართველოს რეგიონებისა და თბილისის შემოგარენისთვის ელექტროენერგიის მიწოდებას „ენერგო პრო“ ახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ ბანკებმა მსესხებლებს საბანკო ვალდებულების შესრულება სამი თვით გადაუვადეს.
შეგახსენებთ იმასაც, რომ ახალი ტიპის კორონავირუსმა ქვეყანაში უკვე შექმნა ეკონომიკური პრობლემები. ამ თვალსაზრისით გამოწვევების წინაშე უპირველესად ე.წ. „სტუმარ–მასპინძლობის“ სფერო დადგა. ცნობილია, რომ შექმნილი ვითარების გამო კომპანიები თანამშრომლებს უხელფასო შვებულებაში უშვებენ.