„საქართველოში მეოთხეული გადაცემა ჯერ–ჯერობით არ ფიქსირდება“
17/03/2020 17:21:07 საზოგადოება
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გენერალური დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის მეოთხეული გადაცემა ჯერ–ჯერობით არ ფიქსირდება.
„ჩვენ იმ შემთხვევის შესახებ, რომელზედაც ქალბატონი მარინა საუბრობს, ძალიან ღრმა ეპიდკვლევას ვაწარმოებთ. ვიკვლევთ დაახლოებით 20–დან 25–მდე კონტაქტს. იმედი გვაქვს, რომ წყარო დადგინდება. ამიტომ, ჯერ დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომ ჩვენ გვყავს ინფიცირებული ადამიანი, სადაც ვერ გავდივართ პირველ წყაროზე. თუმცა შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ასეთი შემთხვევები ქვეყანაში იქნება. მე დარწმუნებული ვარ, ამ კვირაში ან მომავალ კვირაში გვექნება შემთხვევები, სადაც უკვე არის დიდი ალბათობა, რომ ვეღარ გავალთ პირველ წყაროზე. თუმცა მეოთხეული გადაცემა ჯერ–ჯერობით არ ფიქსირდება. მოსახლეობას კი არ ვაშინებ, ვაფრთხილებ, რომ შემთხვევების ზრდა გვექნება, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ალბათობა შემთხვევების სწრაფი ზრდისა ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
იხილეთ ასევე: მარინა ეზუგბაია: "მხოლოდ ერთი პაციენტის შემთხვევაში არ არის ცნობილი მკვეთრი წყარო".
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 34 შემთხვევაა დადასტურებული. 33 ინფიცირებული მკურნალობას დღემდე განაგრძობს, 1 კი გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 7000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობამ 182 000–ს გადააჭარბა, 80 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.


