
Heritage Foundation–ის „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის“ 2020 წლის რეიტინგში საქართველომ რეგიონში პოზიცია გაიუმჯობესა
17/03/2020 08:10:38 ეკონომიკა
Heritage Foundation-მა 2020 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის შედეგები გამოაქვეყნა. საქართველო მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, რაც მეტწილად თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყანას ნიშნავს. გასულ წელს საქართველოს 16-ე ადგილი ეკავა. ევროპის მასშტაბით კი საქართველოს მე-6 ადგილი უჭირავს მაშინ, როცა 2019 წელს 8–ე პოზიციას იკავებდა.
ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ქულა 1.2-ით გაიზარდა და 77.1 შეადგინა (მაქსიმუმია 100).
2020 წლის რეიტინგი შეფასებას აკეთებს შემდეგი 4 მიმართულებით: კანონის უზენაესობა, მთავრობის მოცულობა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი. აღნიშნული მიმართულებები, თავის მხრივ, სხვადასხვა კომპონენტებს მოიცავს.
ჯამობრივი ქულის ზრდა შემდეგი კრიტერიუმების ქულის გაუმჯობესებამ გამოიწვია: საკუთრების უფლება (68.6), სასამართლო ეფექტურობა (57.9), მთავრობის ეფექტურობა (64.8), ფინანსური თავისუფლება (78.3), ფისკალური მდგრადობა (94.4). გაუარესდა ბიზნესის თავისუფლებისა (85,3) და შრომის თავისუფლების (76,3) ქულები.