საგანგებო მდგომარეობა: ყოფითი და პოლიტიკური მხარეები
16/03/2020 10:24:32 პოლიტიკა, საზოგადოება
ახალი ტიპის კორონავირუსის გამო აშშ–სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. რაც შეეხება საქართველოს, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მიანიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში დაფიქსირდება ახალი ტიპის ვირუსის ე.წ. მეოთხეული გადაცემა, შესაბამისი ზომები იქნება მიღებული:
"მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან დაფიქსირდება პაციენტი, რომლის წყაროც არ იქნება იდენტიფიცირებული და ეს წარმოშობს ეჭვს, რომ უკონტროლოდ ვრცელდება ვირუსი, ჩვენ შესაბამის ზომებს მივიღებთ".
მანამდე მთავრობა მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებებითაც აფრთხილებს, დაიცვან ჰიგიენის წესები, გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მოერიდონ გარეთ გასვლას, განსაკუთრებით - 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, საჭიროებისას დაიცვან თვითიზოლაციის წესები, მაღალი სიცხისა და ხველისას კი მიმართონ ექიმს (სასურველია სატელეფონო კონსულტაცია).
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში რიგი მსგავსი რეკომენდაციების შესრულება უკვე სავალდებულო გახდება.
როგორც „აქცენტთან“ საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში კონსტიტუცია იძლევა შესაძლებლობას, შეიზღუდოს ან შეჩერდეს ადამიანის მთელი რიგი კონსტიტუციური უფლებები. ამასთან, რომელი უფლება იზღუდება და რომელი ჩერდება, - ეს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული და მთავრობა წყვეტს. ისვე მიმართავს პრეზიდენტს შესაბამისი წინადადებით, პრეზიდენტის თანხმობის შემთხვევაში კი წინადადება უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში პრეზიდენტს უფლება აქვს, გამოსცეს დეკრეტი (იგივე პროცედურით, რომლითაც ცხადდება საგანგებო მდგომარეობა), რომელიც კანონის ძალის მქონე აქტად მიიჩნევა.
"საგანგებო მდგომარეობის დროს შეიძლება, შეიზღუდოს გადაადგილების უფლება. მაგალითად, იტალიაში ერთ–ერთი შეზრუდვა სწორედ გადაადგილების უფლებას ეხება: მოქალაქეებს შინიდან აუცილებლობის (სურსათის შესაძენად, წამლის საყიდლად და ა.შ. ) გარეშე გასვლა ეკრძალებათ. მსგავსი შეზღუდვების ხარისხი შესაძლოა, იყოს განსხვავებული. შეიძლება, შეიზღუდოს ინფორმაციის თავისუფლებაც. მთავარია, რომ შეზღუდვები არსებული ვითარების თანაზომიერი უნდა იყოს – ხელი უნდა შეუწყოს არსებული პრობლემის გადაჭრას; არ უნდა იყოს უფრო მკაცრი, ვიდრე საჭიროა. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი გასაჩივრება საკონსტიტუციო სასამართლოშია შესაძლებელი“ – განმარტავს ხმალაძე.
რა ხდება დადგენილი შეზღუდვებისთვის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში
როგორც კონსტიტუციონალისტი აღნიშნავს, ვინაიდან პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი კანონის ძალის მქონე აქტია, იგი შესასრულებლად ისევეა სავალდებულო, როგორც კანონი. შესაბამისად, რა ტიპის სანქციაც მოჰყვება კანონის ამა თუ იმ ნორმის დარღვევას, იგივე იმუშავებს დეკრეტის შემთხვევაშიც.
პოლიტიკური პროცესი
როგორც ცნობილია, ოპოზიცია და მმართველი გუნდი საარჩევნო სისტემის 120/30 (30 მაჟორორიტარი და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი) მოდელზე შეთანხმდნენ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს საჭიროებს, საკონსტიტუციო ცვლილებების თანმდევი პროცესი ცვლილებათა პაკეტის საყოველთაო სახალხო განხილვაა. მასობრივი შეკრებები ამ ეტაპზე რეკომენდებული არ არის, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში კი შესაძლოა, აიკრძალოს კიდეც. თუმცა, როგორც კონსტიტუციონალისტი განმარტავს, მსგავს ვითარებაში ალტერნატიული გზა არსებობს:
„საყოველთაო სახალხო განხილვების ფორმა კანონით არაა განსაზღვრული და მისი შერჩევა პარლამენტის მიერ შექმნილ კომისიაზეა დამოკიდებული. ეს განხილვები ჩვენთან ტრადიციულად სხვადასხვა ადგილებში, დახურულ დარბაზებში იმართება, თუმცა შესაძლებელია, სხვა სახითაც ჩატარდეს: ინტერნეტის მეშვეობით. ჩემი აზრით, ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს იმ შემთხვევაშიც, თუ შეხვედრებზე შეზღუდვები დაწესდება, რადგან სხვაგვარად საარჩევნო სისტემის შეცვლა შეუძლებელი გახდება, ეს კი ქვეყნისთვის კარგი არ იქნება“.
რაც შეეხება წინასაარჩევნო პერიოდს, ხმალაძის აზრით, საარჩევნო კამპანია შესაბამის რეჟიმში წარიმართება იმისდა მიხედვით, რა ტიპის შეკრებები აიკრძალება, - ტელევიზიით, რადიოთი, ინტერნეტით კამპანიის წარმოება არ იქნება პრობლემური.
ხოლო თუ საგანგებო მდგომარეობა დაემთხვა პერიოდს, როდესაც უნდა დაინიშნოს არჩევნები, კონსტიტუციის თანახმად, უშუალოდ საგანგებო მდგომარეობის დროს არჩევნები არ იმართება.
საგანგებო მდგომარეობის უარყოფითი მხარეები
საგანგებო მდგომარეობა ცხადდება კრიზისულ სიტუაციებში, პანდემიები კი კრიზისის ერთ–ერთ ფორმად არის მითითებული. ნებისმიერ კრიზისს თან ობიექტური უარყოფითი შედეგები ახლავს: ადამიანებს ამა თუ იმ უფლების გამოყენების შესაძლებლობა ეზღუდებათ; შეზღუდვის გამო რიგი ეკონომიკური აქტივობების განხორციელება შეუძლებელია, რასაც თავისი უარყოფითი შედეგები მოჰყვება; საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაც კი, თუნდაც შეზღუდვები არ იყოს დაწესებული, უარყოფით ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანებზე, ჩნდება გარკვეული შიშები, ეს მთლიანად საზოგადოების ცხოვრებაზე ახდენს ნეგატიურ გავლენას...
თუმცა როგორც ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, ყველაფერი შეფასებითია: უნდა შევაფასოთ, რა იქნება საზოგადოებისთვის ნაკლები ზიანის მომტანი – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თუ არგამოცხადება და გადაწყვეტილება შესაბამისად უნდა იქნას მიღებული.


