"ინფიცირებულ ტურისტებთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია, მათგან 3-ს გამოხატული სიმპტომები აქვს"
16/03/2020 10:05:22 საზოგადოება
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსით (COVID-19) ინფიცირებულ ტურისტებთან კონტაქტში მყოფი 30 პირი იზოლირებულია, მათგან 3-ს კი გამოხატული სიმპტომები აქვს.
მისივე თქმით, მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების შესწავლა.
"ჩეხეთის მოქალაქე, რომელიც საქართველოში, გუდაურში ისვენებდა, დაგვიკავშირდა და განაცხადა, რომ ჩეხეთში მას კორონავირუსი დაიდასტურდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მოქალაქეს მისი ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, ვინაიდან მან არ დამალა, ღიად დარეკა და ასევე ფოტო მასალით სრულიად აღწერა ის მარშუტი, რომელზეც ის იმყოფებოდა სიმპტომების გამოვლენის შემდეგ. ეს მნიშვნელოვნად დაეხმარა ჩვენ ოპერატიულ სამსახურს, რათა გუშინვე მოეხდინა ყველა იმ პირის იზოლირება, რომელიც ამ ადამიანთან იმყოფებოდა კონტაქტზე. ამ ეტაპისთვის იზოლირებულია 30 პიროვნება და მიმდინარეობს დამატებითი კონტაქტების შესწავლა, რათა მოხდეს სიმპტომების გამოვლენამდე ყველა ამ ადამიანის იზოლაციაში მოთავსება. მინდა, გავაფრთხილო და დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები - თუ ისინი ამ პერიოდში იმყოფებდნენ გუდაურში, ეს ჯერ არ ნიშნავს იმას, რომ მათ აუცილებლად შეიძლება, ჰქონდეთ კორონავირუსი, ვინაიდან კორონავირუსი გადაეცემა ადამიანს, როდესაც მას აქვს 15 წუთზე მეტი ინტენსიური კონტაქტი და მათი დაშორება პიროვნებასთან არის 1 მეტრზე უფრო ნაკლები. თუ ეს შეზღუდვა დაცულია და ამ დროის მანძილზე არ მომხდარა ხანგრძლივობით კონტაქტი, მაშინ ეს ადამიანები რისკჯგუფში უკვე აღარ არიან. 30 პიროვნება არის იდენტიფიცირებული და კვლევა გრძელდება. ეს რიცხვი ჯერ–ჯერობით არ არის დაზუსტებული. ამ 30-დან 3 ადამიანს აქვს გამოხატული სიმპტომატიკა", - განაცხადა ტიკარაძემ.
ჩეხეთში COVID-19 დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელიც გუდაურში 4-9 მარტს ისვენებდა.
იხილეეთ ასევე: NCDC ჩეხ ტურისტებთან დაკავშირებით, რომლებიც გუდაურში მოგზაურობდნენ, განმარტებას აკეთებს.
უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 6000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ 167 000–ს გადააჭარბა, 78 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.


