NCDC ჩეხ ტურისტებთან დაკავშირებით, რომლებიც გუდაურში მოგზაურობდნენ, განმარტებას აკეთებს
16/03/2020 08:18:47 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) ჩეხ ტურისტებთან დაკავშირებით, რომლებიც გუდაურში მოგზაურობდნენ, განმარტებას აკეთებს.
„ჩეხეთში ახალი ტიპის კორონავირუსი (COVID-19) დაუდასტურდა ჩეხეთის მოქალაქეს, რომელსაც ჰქონდა გუდაურში მოგზაურობის ისტორია 4-9 მარტს. იგი მოგზაურობდა 6–კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად, მათგან კიდევ ერთს, სლოვაკეთის მოქალაქეს, ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა COVID-19. დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ, (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია) რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. აქედან გამომდინარე , ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციის რეკომენდაცია. ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან. საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ არავისთვის“, – აცხადებს NCDC–ს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე.
შეგახსენებთ, რომ გუდაურში, რესტორანმა „მთვრალი ალუბალი“ გაავრცელა ინფორმაცია, რომlლის თანახმად, სამ ჩეხ ტურისტს, რომელიც მათთან ყოველდღე დადიოდა, კორონავირუსი დაუდასტურდათ.
როგორც დღეს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარიან ეზუგბაიამ განაცხადა, ჩეხ ტურისტებს კორონავირუსი საქართველოში არ აღმოჩენიათ:
"საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის ჩეხეთის მოქალაქეები არ არიან".
უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 6000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ 167 000–ს გადააჭარბა, 78 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.


