
„ევროპული საქართველო“ სავალდებული საპენსიო შენატანის 8 თვით შეჩერების ინიციატივით გამოდის
16/03/2020 08:09:26 საშინაო პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ სავალდებული საპენსიო შენატანის 8 თვით შეჩერების ინიციატივით გამოდის.
„დასაქმებულებს 108.2 მლნ ლარი დარჩებათ, რასაც ისინი თავიანთი მზარდი ხარჯების დასაფარავად გამოიყენებენ; მეწარმეებსა და დამსაქმებლებს დარჩებათ 83.1 მლნ ლარი, რაც შეასუსტებს სამუშაო ადგილების დაკარგვას და უმუშევრობის ზრდას; სახელმწიფო ბიუჯეტში გამოთავისუფლდება 133.3 მლნ ლარი, რაც საჭირო იქნება ჯანდაცვისა და სოციალური ხარჯების დასაფარავად”, - აცხადებენ პარტიაში.
ამასთან, პარტიის ცნობით, „ევროპულმა საქართველომ“ კორონავირუსისგან გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა შეიმუშავა.
„ევროპულ საქართველოს“ უკვე წარმოდგენილი აქვს კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლის გეგმა, რომლის მიხედვით, უნდა მოხდეს: 2020 წელსვე საშემოსავლო გადასახადის 20%-დან 17%-მდე შემცირება, რაც 380 მლნ ლარს დაუტოვებს მოქალაქეებს ჯიბეში; ქონების გადასახადის განახევრება, რაც 195 მლნ ლარს დაუტოვებს მეწარმეებს და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის 25%-ით შემცირება, რაც საწვავზე ფასს 8-10 თეთრით შეამცირებს და ეს ასევე აისახება ფასების ზოგად შემცირებაზე. ეს ყველაფერი მეტ ფულს დაუტოვებს მოქალაქეებს, დადებით გავლენას იქონიებს ეკონომიკური ზრდის ტემპზე და შეაჩერებს ფასების ზრდას“, - აცხადებენ პარტიაში.
უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 6000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ 167 000–ს გადააჭარბა, 78 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.