აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი კლინიკური ცდა ადამიანებზე დღეიდან დაიწყება
16/03/2020 06:18:59 მსოფლიო
აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი კლინიკური ცდა ადამიანებზე დღეიდან დაიწყება, – იუწყება AP ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.
ცდას აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი აფინანსებს. ტესტირება 45 ახალგაზრდა მოხალისეს ჩაუტარდება, მათ ვაქცინის განსხვავებულ დოზებს გაუკეთებენ. გამოცდის მიზანია, დადასტურდეს, რომ ვაქცინას სიცოცხლისთვის საშიში გვერდითი მოვლენები არ აქვს.
როგორც ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის წარმომადგენლები აცხადებენ, კიდეც რომ წარმატებული იყოს კლინიკური ცდა, ვაქცინის სრულად შემოწმებას ერთი წლიდან 18 თვემდე პერიოდი დასჭირდება.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის ევროპასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 6000 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ 167 000–ს გადააჭარბა, 78 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. ვირუსი მსოფლიოს 175-ზე მეტ ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. ამ დროისთვის "COVID-19"–ის საწინააღმდეგო არც ვაქცინა და არც კონკრეტული პრეპარატი არ არსებობს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 33 შემთხვევაა დადასტურებული.


