
„შეუფერხებლად ხორციელდება სატვირთო გადაზიდვები, რაც სასურსათო დეფიციტის შექმნას გამორიცხავს“
14/03/2020 14:26:52 საშინაო პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, შეუფერხებლად ხორციელდება სატვირთო გადაზიდვები, რაც ქვეყანაში სასურსათო დეფიციტის შექმნას გამორიცხავს.
„მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს მიეწოდოს სწორი ინფორმაცია, რომ ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების დეფიციტის შექმნის საფრთხე არ არსებობს, ასევე შეუფერხებლად ხორციელდება სატვირთო გადაზიდვები, რაც სასურსათო დეფიციტის შექმნას გამორიცხავს“, – განაცხადა პრემიერმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს გამართულ სხდომაზე.
პრემიერის ადმინისტრაციის ცნობით, სწორედ ამ მიზნით გიორგი გახარია დღეს თავად გამართავს მორიგ შეხვედრას სასურსათო მაღაზიათა ქსელების ხელმძღვანელებთან. რის შემდეგაც გაკეთდება მინისტრებისა და ბიზნესის წარმომადგენელთა ერთობლივი განცხადებები საზოგადოებისთვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან, ირანთან, იტალიასთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, ესპანეთთან, ავსტრიასთან, შვეიცარიასთან, ნორვეგიასა და დანიასთან საკარანტინო შეზღუდვები უკვე დააწესა. გარდა ამისა, სამი ქვეყნის (აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს) პრემიერ-მინისტრების გადაწყვეტილებით, 14 მარტიდან 10 დღის განმავლობაში საქართველო-აზერბაიჯანსა და საქართველო-სომხეთს შორის მოქალაქეების გადაადგილება დროებით შეჩერებულია. მიღებული ზომები ეხება მოქალაქეებს და სატვირთო გადაზიდვებზე არ ვრცელდება.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალებისა და ინფიცირების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიასა და ირანშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 5400 –ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 145 000–ს გადააჭარბა. 73 000–მდე დაავადებული კი გამოჯანმრთელდა.