Accentnews.ge
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია კორონავირუსთან საბრძოლველად უწყებებსა და საქართველოს მოქალაქეებს მოხალისეობრივად დახმარებას სთავაზობს

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია კორონავირუსთან საბრძოლველად უწყებებსა და საქართველოს მოქალაქეებს მოხალისეობრივად დახმარებას სთავაზობს

14/03/2020 08:40:51 საშინაო პოლიტიკა, საზოგადოება

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე თბილისის მერიას უფასო სასადილოების ბენეფიციარებისთვის საკვების მიწოდებაში დახმარებას სთავაზობს.

გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, "ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები მზად არიან, მაღალი რისკ-ჯგუფის ბენეფიციარებს საკვები ბინაზე მიუტანონ

„მსურს რომ ჯანმრთელობა ვუსურვო ჩვენს მოსახლეობას ამ მძიმე მომენტში, როდესაც მთელი მსოფლიო ახალ კორონავირუსს ებრძვის. დედაქალაქის მერმა დღეს გააჟღერა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისის უფასო სასადილოებში იცვლება მომსახურების ფორმა, წესდება უსაფრთხოების განსაკუთრებული ნორმები, ინერგება დამატებითი სერვისები ვირუსის გავრცელების რისკების მაქსიმალურად შესაზღუდად. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ამ დამატებითი მომსახურების გასაწევად, თბილისის მერიას დასჭირდება მოხალისეთა ჯგუფები. ისინი დამატებით ტრენინგებსაც გაივლიან. “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიიზაციის თითოეულ წევრს, გვაქვს დიდი სურვილი და მზაობა იმისთვის, რომ გვერდით დავუდგეთ ნებისმიერ უწყებას, ჩვენს თითოეულ თანამოქალაქეს ამ მძიმე პერიოდში და მოხალისეობრივად შევთავაზოთ ჩვენი დახმარება. ჩვენ, ჩვენი თითოეული მეგობარი და თანამოაზრე, არათუ მზად ვართ ამისთვის, არამედ მოხარულებიც კი ვიქნებით, თუ მოგვეცემა შესაძლებლობა დავეხმაროთ და ვემსახუროთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას. ახლა მთავარია, მთელი მოსახლეობა, განსაკუთრებით კი ჩვენ, ახალგაზრდები, სოლიდარულები ვიყოთ ისე, როგორც არასდროს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ, როგორც ერთმანეთის, ისე საზოგადოების ჯანმრთელობას”, - განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.

ცნობისთვის: 16 მარტიდან მერია უფასო სასადილოების მომსახურების წესს ცვლის.

"ორშაბათიდან უფასო სასადილოები, ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს, კუთვნილ საკვებს სასადილოში აღარ მიართმევენ, არამედ გაატანენ სახლში, რათა ადგილზე არ მოხდეს ბევრი ადამიანის თავშეყრა და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები ვირუსის გავრცელების დამატებითი რისკებისგან. საკვებთან ერთად ბენეფიციარები მიიღებენ საინფორმაციო ფურცელს, სადაც მოცემული იქნება განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადებების სახეობები და ცხელი ხაზის ნომერი. განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარებისთვის, ასევე მარტოხელა მოხუცებისთვის და თვითიზოლაციაში მყოფი ბენეფიციარებისთვის იმუშავებს დამატებითი, საკვების სახლში მიტანის სერვისი. ამ კატეგორიის ადამიანებს შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ ხაზზე განაცხადონ, რომ სურთ აღნიშნული სერვისით მომსახურება, რის შემდეგაც დატრენინგებული მერიის თანამშრომლები და მოხალისეთა ჯგუფები უზრუნველყოფენ კუთვნილი საკვების მიტანას საცხოვრებელ მისამართზე. ასეთ სიტუაციაში მოქმედი წესების ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით", განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S