
"საქართველოს ბანკი" ფიზიკურ პირებს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდსა და დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს
12/03/2020 19:54:59 ეკონომიკა
"საქართველოს ბანკი" ფიზიკურ პირებს სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდსა და დისტანციურ მომსახურებას სთავაზობს.
"საკუთარი მიზნებისა და სურვილების ცოტა ხნით გადავადებისა და საერთო, საქვეყნო მიზნისთვის ბრძოლის შესაძლებლობები უსაზღვროა. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის თავშეყრის ადგილებში ხალხის ნაკადის შემცირება. სწორედ ამიტომ, ფილიალების განტვირთვის მიზნით სესხების შენატანზე სამთვიან საშეღავათო პერიოდსა და დისტანციურ მომსახურებას შევთავაზებთ ყველა ფიზიკურ პირს. თითოეული მომხმარებელი დეტალურ ინფორმაციას ინდივიდუალურად მიიღებს", – ნათქვამია "საქართველოს ბანკის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის: ჩინეთში ახალი ტიპის კორონავირუსით („COVID-19“) გარდაცვალების შემთხვევები მკვეთრად მცირდება, ქვეყნის საზღვრებს გარეთ კი იზრდება. ბოლო მანაცემებით, გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყანაში „COVID-19“–ს 11 ადამიანი ემსხვერპლა და 18 დაინფიცირდა.
ჩინეთის საზღვრებს გარეთ, „COVID-19“–ით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ამ მხრივ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ამ დროისთვის იტალიაში, ირანსა და სამხრეთ კორეაშია.
მსოფლიოში "COVID-19"–მა 4300–ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდნობამ კი 118 000–ს გადააჭარბა. 69 000–მდე ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში ახალი ტიპის კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული. 25 ინფიცირებული პაციენტიდან 22 თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, 3 – საჩხერის კლინიკაში.