EU-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტში მოთხოვნილია რუსული ჯარების გაყვანა, მათ შორის, საქართველოდან
23/02/2026 10:57:00 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი ადასტურებს, რომ უკრაინაში ომის დასრულების შესახებ ფართო შეთანხმების ფარგლებში ევროკავშირი რუსეთისგან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანასაც მოითხოვს.
ამ საკითხზე მან კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც "რადიო თავისუფლებამ" გაავრცელა ინფორმაცია ევროკავშირის შიდა სადისკუსიო დოკუმენტის შესახებ, რომელიც ეხება კონტინენტზე გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას. დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს სამხედრო ძალების განლაგების შეწყვეტას და მათ გაყვანას ბელარუსიდან, უკრაინიდან, მოლდოვადან, საქართველოდან და სომხეთიდან, ასევე არ განათავსოს ბელარუსის ტერიტორიაზე ბირთვული იარაღი.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ „ევროსკოპთან" საუბარში კალასმა აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები კვლავ იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნის ოკუპირებულ რეგიონებში და მათი გაყვანა აუცილებელია მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.
„რუსეთს ოკუპირებული აქვს არაერთი ტერიტორია და მისი სამხედრო ძალები განლაგებულია როგორც საქართველოში, ისე მოლდოვაში. ამიტომ, გრძელვადიანი მშვიდობა შეუძლებელია ამ ტერიტორიებიდან მათი გასვლის გარეშე. ზოგი ამას არარეალისტურს უწოდებს, თუმცა თავად რუსეთის მოთხოვნებიც არ შეესაბამება რეალობას. ისინი მოლაპარაკებების გზით იმ ტერიტორიებსაც კი ითხოვენ, რომელთა სამხედრო გზით დაკავებაც ვერ შეძლეს. სწორედ ამიტომ, ასეთი მოთხოვნები საჭიროა მოლაპარაკებების პროცესში ბალანსის შესანარჩუნებლად და ყურადღების გადატანისთვის იმ ძირითად პრობლემაზე, რომ რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს მეზობელი ქვეყნების მიმართ“, - განაცხადა კალასმა.
ამასთან, უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარეობს, ხოლო ევროკავშირი ამ ეტაპზე მოლაპარაკებების ფორმალურ პროცესში ჩართული არ არის.


