ლიეტუვაში შესვლა აუკრძალეს საქართველოში დაბადებულ რუს რეპერს, გიო პიკას
23/02/2026 15:53:30 საზოგადოება
ლიეტუვამ რეპერ გიო პიკას, რომელიც ვილნიუსში კონცერტის გამართვას გეგმავდა, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა 2031 წლის 19 თებერვლამდე. ადგილობრივ მედიაში რეპერს „ქართველ შემსრულებლად“ მოიხსენიებენ, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში კი დაზუსტებულია, რომ ჯიოევი რუსეთის მოქალაქეა.
გიო პიკა (გიორგი ჯიოევი) რუსი რეპერია, რომელიც კრიმინალურ თემატიკასთან დაკავშირებულ სიმღერებს მღერის. ღია წყაროების მიხედვით, ის 1990 წელს დაიბადა საქართველოში, საიდანაც ჯერ ჩრდილოეთ ოსეთში გადავიდა, შემდეგ კი - მოსკოვში. გიო პიკა ხშირად სტუმრობს საქართველოს მისი ინსტაგრამის გვერდზე მითითებულია, რომ 15 აგვისტოს ბათუმში გამართავს კონცერტს, ამასთან გეგმავს კონცერტებს კიშინიოვში, პრაღასა და ერევანში.
„საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის წინადადებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ასევე „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ლიეტუვის რესპუბლიკის კანონის 133-ე მუხლის მე-4 და მე-8 ნაწილებისა და ლიეტუვის რესპუბლიკაში შესვლააკრძალულ უცხოელთა ეროვნული სიის შედგენისა და მართვის წესის შესაბამისად, მიმდინარე წლის 19 თებერვალს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვლადისლავ კონდრატოვიჩმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც რუსეთის მოქალაქე გეორგი ჯიოევს ლიეტუვის რესპუბლიკაში შესვლა აეკრძალა 2031 წლის 19 თებერვლამდე“, - ნათქვამია ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტს დაევალა ჯიოევის შეყვანა ლიეტუვაში შესვლის უფლების არმქონე უცხოელების საჯარო სიაში.
ვილნიუსის მერმა ვალდას ბენკუნსკასმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, არ დაუშვას ამ შემსრულებლის ლიეტუვაში შესვლა. მისი თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ, სულ მცირე, შვიდი შემთხვევა აღნუსხა, როდესაც რეპერმა რუსეთში კონცერტი გამართა მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა, აეკრძალა შემსრულებლისთვის ლიეტუვაში შესვლა.
მომღერალი ვილნიუსში 21 მარტს Pramogų Arena-ზე გამოსვლას გეგმავდა. გამოცემა Delfi-ს ცნობით, ღონისძიების ორგანიზატორებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ შემსრულებელი „დაიბადა ოსეთის რეგიონში, რომელიც ოკუპირებული იყო ომის დროს და შესაბამისად, არ შეიძლება მისი დაკავშირება რუსეთის პოლიტიკურ, კულტურულ ან იდეოლოგიურ სივრცესთან“.
ორგანიზატორებმა ის წარადგინეს, როგორც „არტისტი საქართველოდან, რომელსაც გასტროლები აქვს ევროპაში, აზიასა და შეერთებულ შტატებში“. საპრეზენტაციო მასალებში ნათქვამი იყო, რომ შემსრულებელი საჯაროდ აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას, გამოდიოდა ომის წინააღმდეგ და თავის შემოქმედებაში ხაზს უსვამს ომის საწინააღმდეგო პოზიციას.
2025 წლის დეკემბერში ვარშავაში გამოსვლისას გიო პიკამ უკრაინელი დევნილების მიმართ გამოხატა მხარდაჭერა და მათ მშვიდობა უსურვა. მისი მიმართვა არ შეიცავდა პოლიტიკურ გამონათქვამებს, წერს ონლაინ გამოცემა "Вот Так" (აი, ასე).
გასული წლის ნოემბერში, ლიეტუვამ "შავ სიაში" შეიყვანა რუსი რეპერი ალიშერ მორგენშტერნი. მან სასამართლოს მიმართა, თუმცა სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.


