ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს და სხვებს ქოლცენტრების საქმეს ედავებიან
18/02/2026 11:23:00
ქრონიკა პლუსის დამფუძნებელი ელისო კილაძე თაღლითური ქოლცენტრების საქმეზეა დაკავებული. მასთან ერთად იმავე საქმეზე ბრალს უყენებენ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს, მერაბ ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს და სხვებს. ამის შესახებ ცნობილი გახდა პროკურატურაში გამართული ბრიფინგიდან.
პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 10 პირის მიმართ.
ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს: დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს. ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს.
ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინება ჯგუფის სხვა წევრებს: გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ როგორც წინა პერიოდში ჩატარებულ ბრიფინგზეც განვაცხადეთ, 2020-2023 წლებში, მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა, ქვეყანაში მაინც არსებობდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი.
მოწმეთა ჩვენებებით, აღნიშნული ქოლ-ცენტრების დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდა. ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით მცირე ნაწილის მფარველობას გრიგოლ ლილუაშვილი და ოთარ ფარცხალაძე მათი უახლოესი გარემოცვის წევრების მეშვეობით ახორციელებდნენ.
მოცემულ საქმეზე საქართველოს პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2020-2023 წლებში საქართველოში ოთარ ფარცხალაძის მფარველობით ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი, სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.
ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა ბაზაზეც თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე მოაწყვეს თაღლითური ქოლ-ცენტრები რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი განყოფილებებით.
ქოლ-ცენტრების ოპერატორები, ხელმძღვანელი პირების მითითებისამებრ, მომხმარებლებს იზიდავდნენ ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე, მომგებიანი ინვესტიციის განხორციელების დაპირებით ახდენდნენ ვაჭრობაში ჩართვას და მომხმარებლების ინვესტირებული დიდი ოდენობით თანხების თუ კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლებას. ხოლო შემდგომში უკანონო აქტივების განთავსებას, დანაწევრებას და ინტეგრაციას.
ორგანიზებული ჯგუფის წევრთა ფუნქციები მოიცავდა: დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების გამართული საქმიანობის და ფუნქციონირების უზრუნველყოფას, ქოლ-ცენტრის უკანონო საქმიანობის სამართალდამცავებისგან და სხვა კონკურენტი ორგანიზაციებისგან დაცვა/მფარველობას, გამოაშკარავების შემთხვევაში საინფორმაციო მხარდაჭერას და საჭიროების მიხედვით ეგრეთ წოდებული „დაუმორჩილებელი კონკურენტების“ საქმიანობის დამსხვრევის უზრუნველყოფას.
კერძოდ: გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის გამართულ ფუნქციონირებას, იღებდნენ გადაწყვეტილებებს ქოლ-ცენტრის გაფართოების ან ადგილმდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, ახორციელებდნენ საქმიან პროცესზე აქტიურ ზედამხედველობას, შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვას, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ასევე პარტნიორებისა და მფარველებისათვის გასანაწილებელი თანხების კალკულაციას და განაწილებას.
ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრები: გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი და მიხეილ ჩოხელი, ოთარ ფარცხალაძისა და მისი გავლენების მეშვეობით უზრუნველყოფდნენ ქოლ-ცენტრის დანაშაულებრივი საქმიანობის მფარველობას, რაც გულისხმობდა სამართალდამცავებისგან და კონკურენტი ორგანიზაციებისგან ჩარევისგან დაცვას. ამასთან, მონაწილეობდნენ ქოლ-ცენტრის ფუნქციონირებისათვის საჭირო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
აღსანიშნავია, რომ ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან ასეთი რისკის არსებობის შემთხვევაში, სათანადო ინფორმაციის სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე გავრცელებით, ელისო კილაძე უზრუნველყოფდა დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას. ამავდროულად, იმ კონკურენტი ქოლ-ცენტრების მხილების მიზნით, რომლებიც არ იყვნენ მათი გავლენის ქვეშ მოქცეულები, ელისო კილაძის მიერ ხდებოდა მათი ადგილმდებარეობის და თანამშრომლების თაობაზე ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების დაგეგმვა, გავრცელების მუქარა თუ გავრცელება და შემდგომში მათი შანტაჟის გზით გადმობირებისათვის სათანადო პირობების შექმნა.
გაწეული საქმიანობისათვის გავლენის და საინფორმაციო მფარველები არარეზიდენტი პირებისგან მოტყუებით დაუფლებული თანხებიდან ყოველთვიურად სოლიდურ სარგებელს იღებდნენ.
რაც მხოლოდ ამ ეტაპზე გამოძიებით არის დადგენილი, 2020-2023 წლებში დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის 200-ზე მეტი მოქალაქის კუთვნილ დაახლოებით 9,5 მილიონი ამერიკული დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას. შემდგომში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით, დაზარალებულებისგან მოტყუებით დაუფლებული ვირტუალური აქტივები დანაწევრებით, მრავალჯერადი ტრანზაქციებით ნაწილდებოდა სხვადასხვა კრიპტო-საფულეებზე, რომლებსაც ორგანიზებული ჯგუფის წევრები განკარგავდნენ.
ხოლო ვირტუალური აქტივების კონვერტაციის შედეგად მიღებული ნაღდი ფული ხმარდებოდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის საჭიროებებს, ხელფასების და ბონუსების გაცემას, ქოლ-ცენტრების მიმდინარე ხარჯების დაფარვას. ასევე დანაშაულებრივი საქმიანობის ფარგლებში აკუმულირებული სახსრები ჯგუფის წევრების მიერ, როგორც თითქოსდა კანონიერი გზით მიღებული შემოსავალი, მიმართული იქნა უძრავ-მოძრავი ქონებების შესაძენად.
ოთარ ფარცხალაძის, გიორგი მიქაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის, მიხეილ ჩოხელის, ელისო კილაძის, გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველოს პროკურატურა ელისო კილაძის, გიორგი მიქაძის და მიმალვაში მყოფი ბრალდებულების: ოთარ ფარცხალაძის, დავით მიქაძის, ირაკლი სეხნიაშვილის და მიხეილ ჩოხელის მიმართ პატიმრობის შეფარდების, ხოლო გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით – გივი ჯიბლაძის, ბენ ანორის, თორნიკე ჯანელიძის და გიორგი კამლაძის მიმართ გირაოს შეფარდების მოთხოვნით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
საქმეზე გამოძიება და საერთაშორისო თანამშრომლობა გრძელდება დანაშაულში ჩართული სხვა პირების, სხვა დაზარალებულთა ვინაობების დადგენის და შესაბამისი ახალი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.


