„რატის ბარში“, 18 წლის ალეკო შაკიაშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
05/02/2026 11:49:00 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ „რატის ბარში“, 18 წლის ალეკო შაკიაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
როგორც ადვოკატმა, გიორგი ბარდაველიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, მეორე დაკავებულს, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ, მუხლი გადაუკვალიფიცირდა და მას 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
შემთხვევა „რატის ბარში“ 2025 წლის 11 მაისს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, დაახლოებით, 05:30 საათზე, თბილისში, ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე „რატის ბარში“, ბრალდებულმა დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციითვე, მეორე ბრალდებულმა, რომელიც დანაშაულის ჩადენისას იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და იცოდა, რომ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე დანაშაული - განზრახ მკვლელობა - აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.


