Accentnews.ge
აბუ-დაბიში განახლდა უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკება

აბუ-დაბიში განახლდა უკრაინა-აშშ-რუსეთის მოლაპარაკება

04/02/2026 13:10:33 მსოფლიო

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში განახლდა უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის წარმომადგენელთა მოლაპარაკება უკრაინაში ომის დასრულების პირობებზე. 

ინფორმაცია სამმხრივი მოლაპარაკების გაგრძელების შესახებ 4 თებერვალს შუადღისთვის სოციალური ქსელებით გაავრცელა უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა რუსტემ უმეროვმა.

მოლაპარაკების განახლება რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასს” დაუდასტურა რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა. მოსკოვის დელეგაციას ისევ გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი იგორ კოსტიუკოვი ხელმძღვანელობს. უკრაინასა და რუსეთთან მოლაპარაკებებში აშშ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფია.

  • პირველი სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, რომელიც აბუ-დაბიში 23-24 იანვარს გაიმართა, ამერიკულმა და უკრაინულმა მხარეებმა განაცხადეს, რომ საკვანძოდ რჩება ტერიტორიების საკითხი.
  • კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთისთვის ტერიტორიულ საკითხს პრინციპული მნიშვნელობა აქვს.

რუსტემ უმეროვის თანახმად, სამმხრივი ფორმატით მოლაპარაკების დღევანდელი პროცესის დაწყების შემდეგ იქნება მუშაობა ცაკლეული მიმართულებების ჯგუფებში და შემდეგ დაგეგმილია „განმეორებით პოზიციების ერთობლივი სინქრონიზაცია”.

უმეროვის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაცია პრეზიდენტ ზელენსკის მკაფიო დირექტივების ფარგლებში მუშაობს, რათა მიღწეული იყოს ღირსეული და ხანგრძლივი მშვიდობა. უკრაინის პრეზიდენტს ინფორმაცია მიეწოდება მოლაპარაკების ყოველი ეტაპის შემდეგ.

რუსეთი ომის დასრულების უმთავრეს პირობად ასახელებს დონბასზე სრულ კონტროლს და რეგიონის არაოკუპირებული რაიონებიდან უკრაინის ჯარების გაყვანას. უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის არაერთხელ უთქვამს, რომ ტერიტორიების დათმობას ვერ დასთანხმდებიან.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მოსკოვში დღეს, 4 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „მშვიდობიანი დარეგულირებისთვის კარი ღიაა“, მაგრამ „სანამ კიევის რეჟიმის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული არ არის, სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება“.

რუსეთი „სპეციალურ სამხედრო ოპერაციად“ მოიხსენიებს უკრაინის წინააღმდეგ თითქმის ოთხი წლის წინ დაწყებულ ფართომასშტაბიან ომს.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S