გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მდივანი: საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, პოლიციის რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიღებულ ზომებს აღვნიშნავთ
26/01/2026 21:02:00 პოლიტიკა
საქართველოს მთავრობის მიერ სასამართლო სისტემის გაუმჯობესების, პოლიციის რეფორმებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიღებულ ზომებს აღვნიშნავთ , - ამის შესახებ გაერო-ს ჟენევის ოფისში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის მესამე მდივანმა, რუსლან სტროგანოვმა, გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) 51-ე სესიის ფარგლებში გამართული საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვისას განაცხადა.
„ჩვენ აღვნიშნავთ თბილისის მიერ ადამიანის უფლებების დაცვისთვის სამართლებრივი საფუძვლების გაძლიერებას, მათ შორის ახალი კანონების მიღებით, რომელთა მიზანი წინა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ციკლის რეკომენდაციების შესრულებაა. დადებითად ვაფასებთ ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის განხორციელების ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემის შემდგომ გაუმჯობესებას. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ საქართველომ მისი განხორციელება გააგრძელოს“, - განაცხადა რუსლან სტროგანოვმა.
მისი თქმით, რუსეთი აღნიშნავს საქართველოს „მთავრობის მიერ მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს“.
„პენიტენციურ სისტემაში სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით მთავრობის მიერ დამატებითი ძალისხმევაა საჭირო. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ციხეებში პატიმრების დიდი რაოდენობის საკითხის მოგვარების მიზნით შესაბამისი ზომები მიიღოთ“, - აღნიშნა რუსეთის წარმომადგენელმა.


