სურსათის ეროვნული სააგენტო: ყავის საწარმო მოხალულ ბარდას ყიდდა
20/01/2026 15:19:00 სამართალი
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა ყავის საწარმო „ტრეიდერში“ არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე ახორციელებდა ყავის წარმოებას (მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) დასახელებით „ვილა“ და „ვილა გოლდი“.
„აღნიშნული პროდუქციის წარმოებისას ნედლეულად, ყავის მარცვლებთან ერთად, გამოყენებული იყო მოხალული ბარდა. პროდუქცია იყიდებოდა მცირე სავაჭრო ობიექტებში. შემოწმების პროცესში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის ეტიკეტირების და მიკვლევადობის წესების დარღვევა. გამოვლენილი დარღვევების გამო ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, ხოლო შეუსაბამობების სრულად აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა“, — ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.


