აშშ-მა საქართველოს $234 150 ღირებულების აღჭურვილობა გადასცა
16/01/2026 15:50:00 პოლიტიკა, საზოგადოება
აშშ-ის სამხედრო ჯგუფის (U.S. Military Group) წარმომადგენლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 234 150 აშშ დოლარის ღირებულების სახანძრო და საკომუნიკაციო აღჭურვილობა გადასცეს.
აშშ-ის სამხედრო ჯგუფის დელეგაციას და ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ალან პერსელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა უმასპინძლეს.
„ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს გაწეული მხარდაჭერისთვის, მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გადმოცემული სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა მნიშვნელოვნად გააძლიერებს მეხანძრე-მაშველების ოპერატიულ შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიან რეაგირებას. დელეგაციის წევრებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოპერატიული მართვის ცენტრის შენობაც დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების პროცესის სპეციფიკას“, — ნათქვამია შსს-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ცნობით, აღნიშნული დახმარება აშშ-ის ევროპული სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამის ნაწილია, რომელიც მრავალი წელია მიმდინარეობს და მიზნად ისახავს საქართველოს საგანგებო სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებას როგორც საჭირო აღჭურვილობის გადაცემით, ასევე პრაქტიკული სწავლებით და გამოცდილების გაზიარებით.
„გუშინ საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო და კავშირგაბმულობისთვის საჭირო აღჭურვილობა გადავეცით, რომელიც ქართველ მაშველებს, გადაუდებელ სიტუაციებში, სწრაფ და ეფექტიან რეაგირებაში დაეხმარება“, — იტყობინება საელჩო.


