Accentnews.ge
სუსმა Gazprom-თან დადებული ხელშეკრულების დანართის გასაჯაროების გამო გამოძიება დაიწყო

სუსმა Gazprom-თან დადებული ხელშეკრულების დანართის გასაჯაროების გამო გამოძიება დაიწყო

15/01/2026 10:23:09 პოლიტიკა, სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსულ „გაზპრომთან“ დადებული ხელშეკრულების გასაიდუმლოებული დანართის მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებისა და მედიაში გავრცელების მიზეზის გამოსაძიებლად სისხლის სამართლის საქმე აღძრა საბოტაჟისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის კვალიფიკაციით.

„ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების დადგომას“, - წერია სუსის განცხადებაში.

საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით:

  • 284 - კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა;
  • 318 - საბოტაჟი.

გასული წლის 25 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა Gazprom-თან დადებული ხელშეკრულების შესახებ განკარგულება, რომელსაც თან ერთოდა ფასის შესახებ ინფორმაცია. იმის მიუხედავად, რომ შეთანხმება კომერციული საიდუმლოება იყო, ეს ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდის საშუალებით გასაჯაროვდა.

დოკუმენტის გასაჯაროებაზე ცნობილი გახდა „ფორმულის“ გადაცემის, „ნამდვილი ამბავი ელისო ჯარიაშვილთან ერთად“, ანონსიდან, შემდეგ კი ამის შესახებ BM.GE-მაც დაწერა.

„სახელმწიფო ინტერესების დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულად, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ცალკეულ პირებს, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ“, - წერია სუსის განცხადებაში.

რამდენიმე საათში მთავრობის ვებგვერდიდან წაიშალა განკარგულება #2212, ხოლო მედიასაშუალებებმა გამოქვეყნებულ ახალ ამბებში შესწორება შეიტანეს. გამოცემა BM.GE-მ აღნიშნა, რომ „სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე რედაქციამ განკარგულების აღების გადაწყვეტილება მიიღო“.

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიისა და "გაზპრომის" ანგარიშებით ცნობილია, რომ საქართველო რუსულ ბუნებრივ აირში 1000 კუბურ მეტრში 185 დოლარს იხდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S