Accentnews.ge
აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი (1-4 იანვარი)

აფხაზეთში მიმდინარე მოვლენების დაიჯესტი (1-4 იანვარი)

05/01/2026 14:50:00 კონფლიქტები

დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო: „აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება რიგი სახელმწიფოების, მათ შორის ვენესუელის მიერ, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარების სუვერენული უფლების რეალიზებას წარმოადგენს“

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ოდისეი ბიგვავამ საქართველოს საგარეო უწყების მიერ პლატფორმა X-ზე გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით ვრცელი კომენტარი გააკეთა.

ბიგვავამ განაცხადა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის ცალკეული წარმომადგენლების მცდელობები, საერთაშორისო პროცესების ინტერპრეტირება საკუთარი პოლიტიკური მოლოდინებიდან გამომდინარე მოახდინონ, შექმნილ რეგიონულ და საერთაშორისო რეალობას ობიექტურად არ ასახავს. მისივე თქმით, განცხადებები არაღიარების პოლიტიკის თაობაზე სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ხელს არ უწყობს რეგიონში კონსტრუქციული გარემოს შექმნას.

„აფხაზეთის რესპუბლიკა არის სუვერენული სახელმწიფო, რომელიც აფხაზეთის მრავალეროვანი ხალხის თავისუფალი და მრავალგზის გამოხატული ნების საფუძველზე ჩამოყალიბდა. აღნიშნული პრინციპი  აფხაზური სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედს წარმოადგენს და გადახედვას არ ექვემდებარება. აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება რიგი სახელმწიფოების, მათ შორის ვენესუელის ბოლივარული რესპუბლიკის მიერ, მათი დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის გატარების სუვერენული უფლების რეალიზებაა“, - ნათქვამია ბიგვავას განცხადებაში.

დე ფაქტო მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ აფხაზეთი საერთაშორისო აღიარებას თვითმიზანად არ მიიჩნევს და ძირითად აქცენტს "სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაზე, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებაზე, უსაფრთხოების შენარჩუნებასა და ურთიერთპატივისცემასა და თანასწორობაზე დაფუძნებული დიპლომატიური კონტაქტების გაფართოებაზე" აკეთებს.

ამასთან, ბიგვავამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აფხაზეთი თანმიმდევრულად იცავს  სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩაურევლობის პრინციპს და არ აკეთებს კომენტარს საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესების თაობაზე“. ამავდროულად, მისი თქმით, დე ფაქტო ხელისუფლება მზად არის ყურადღებითა და პასუხისმგებლობით მიიღოს ნებისმიერი სიგნალი, რომელიც რეგიონულ პოლიტიკაში უფრო პრაგმატულ და რეალისტურ მიდგომაზე მიუთითებდა.“

„აფხაზეთი ღიაა დაინტერესებულ სახელმწიფოებთან, მათ შორის საქართველოსთან, დიალოგისა და თანამშრომლობის განვითარებისთვის, თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და ობიექტურად შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი რეალობების აღიარების პრინციპების დაცვის პირობით“, - დასძინა ბიგვავამ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა ვენესუელამ ოფიციალურად 2009 წელს აღიარა, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე მაშინდელმა პრეზიდენტმა უგო ჩავესმა ღიად დაუჭირა მხარი რუსეთის ქმედებებს საქართველოში. ცნობები იმის შესახებ, რომ შესაძლოა ვენესუელა პირველი ქვეყანა გახდეს, რომელიც სამხრეთ ოსეთს აღიარებს, ჯერ კიდევ 2006 წელს გავრცელდა, როდესაც ვენესუელის ეროვნული ასამბლეის წევრმა ლუის ტასკონმა საქართველოს ამ რეგიონში გამართულ „რეფერენდუმში“ ე.წ. დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობა მიიღო.    

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება აშშ-ს ვენესუელის მიმართ "აგრესიული მოქმედებების შეწყვეტისკენ" მოუწოდებს

აღნიშნულის შესახებ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა განაცხადა. „პრაქტიკულად უპრეცედენტო ფაქტია, როდესაც სუვერენული სახელმწიფოს პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად ძალისმიერი მოქმედებების შედეგად დაატყვევეს, გაიტაცეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაიყვანეს. ეს უდაოდ საერთაშორისო სამართლის შემლახავი აქტია“, - ნათქვამია მის განცხადებაში. მან ასევე გამოხატა რწმენა, რომ ვენესუელა „დამოუკიდებლობის, პროგრესისა და ეროვნული პოლიტიკის გატარების გზიდან არ გადაუხვევს“ და მის მიმართ „აგრესიული ქმედებები“ ვაშინგტონს მოსალოდნელ შედეგებს არ მოუტანს.

ბარციცის თქმით, ვენესუელაში აფხაზეთის ე.წ. ელჩი, ზაურ გვაჯავა და „საელჩოს“ სხვა თანამშრომლები აშშ-ის სპეცოპერაციის შედეგად არ დაშავებულან და ისინი რუსეთის საელჩოსთან მჭიდრო კოორდინაციაში რჩებიან.

 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S