მობილობა სამოქალაქო უფლებაა — ის განსაზღვრავს, რამდენად ღირსეულად ეპყრობა სახელმწიფო მოქალაქეს
03/01/2026 05:10:00 საზოგადოება
ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ვსაუბრობთ შშმ პირების, ხანდაზმულებისა და მობილობის შეზღუდვის მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე. თუმცა, ხშირად ყურადღების მიღმა რჩება მთავარი თემა, თუ როგორ გადაადგილდებიან ისინი ყოველდღიურ ცხოვრებაში და რას ნიშნავს მათთვის ხელმისაწვდომი ტრანსპორტი.
ამ თემაზე აქცენტი ესაუბრა ლია კილაძეს, საზოგადოებრივი განვითარების ექსპერტს, სოციალური მეწარმეობის მკვლევარსა და პრაქტიკოსს, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში მუშაობს კომპანია Allways
Accessible Corp-თან,
რომელიც
Access-A-Ride პარატრანსპორტის სერვისის მიწოდებას ახორციელებს.
ლია, პირველ რიგში, გთხოვთ, მოკლედ გააცნოთ თქვენი თავი მკითხველს...
მადლობა ამ ინტერვიუსთვის. ჩემი საქმიანობა ყოველთვის მიმართული იყო მოწყვლადი ჯგუფებისთვის, განსაკუთრებით შშმ პირებისა და ხანდაზმულებისთვის ისეთი სერვის-მოდელების შექმნასა და გაუმჯობესებაზე, რაც მათ ეკონომიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვის შესაძლებლობას აძლევდა.
ამჟამად ვცხოვრობ ნიუ-იორკში და ვარ კომპანიის: Allways Accessible Corp, კონსულტანტი. ეს კომპანია
Access-A-Ride პარატრანსპორტის მომსახურებას ეწევა. ჩემი როლი არ ითვალისწინებს ყოველდღიურ ოპერაციებში ჩართულობას, არამედ მიზნად ისახავს სერვისის სტანდარტების და შიდა პოლიტიკის განვითარებას, რაც პირდაპირ კავშირშია მომსახურების ინკლუზიურობისა და ხარისხის გაზრდასთან.
კონკრეტულად რას მოიცავს თქვენი როლი ამ ორგანიზაციაში?
როგორც აღვნიშნე, ჩემი ძირითადი როლი სერვისის მიწოდების პოლიტიკისა და პროცედურების შექმნას გულისხმობს, კერძოდ, მძღოლებისთვის განკუთვნილი წესებისა და ქცევის სტანდარტების დანერგვა-განვითარებას.
ორგანიზაციული პოლიტიკისა და პროცედურების შექმნა ორსაფეხურიანი ანალიზისა და კვლევის შედეგად მოხდა. პირველ ეტაპზე სიღრმისეულად შევისწავლე მომსახურების მიწოდების პროცესი, გავაანალიზე საოპერაციო მოდელი, გამოვავლინე არსებული გამოწვევები და განვსაზღვრე მძღოლებს, დისპეტჩერებსა და მგზავრებს შორის კრიტიკული საკომუნიკაციო წერტილები. მეორე ეტაპზე, Access-A-Ride-ის მომხმარებლებთან ჩავატარე სტრუქტურირებული ინტერვიუები და არაფორმალური გამოკითხვები, რომლებიც მათი რეალური გამოცდილების, მოლოდინებისა და პრობლემური საკითხების უკეთ გააზრებას ემსახურებოდა. კერძოდ მომხმარებლები პასუხობდნენ შეკითხვებს: რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ, რის გაუმჯობესებას ისურვებდნენ, რა ეხმარებათ, რა იწვევს სტრესს, რა განსაზღვრავს მათთვის ღირსეულ მომსახურებას და სხვა. სწორედ ეს სიღრმისეული კვლევა დაედო საფუძველად მკაფიო და პრაქტიკულად განსახორციელებელი პროცედურების შექმნას მძღოლებისთვის, რომლებიც სცდება მხოლოდ ტექნიკურ შესაბამისობას. აღნიშნული პროცედურები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ღირსეულ მოპყრობაზე, დროის პატივისცემაზე, ეფექტურ კომუნიკაციასა და მგზავრების ფიზიკური და ემოციური საჭიროებებისადმი სენსიტიურ მიდგომაზე.
თქვენ ასევე ატარებდით ტრენინგებს მძღოლებისთვის. რას მოიცავდა ეს ტრენინგები?
დიახ, პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებასთან ერთად ჩავატარე ტრენინგები მძღოლებისთვის, რომლებიც დაფუძნებული იყო რეალურ სიტუაციებზე და არა ფორმალურ ინსტრუქციებზე.
ტრენინგების მიზანი იყო მძღოლებისთვის იმის ჩვენება, რომ ისინი მხოლოდ ტრანსპორტის ოპერატორები არ არიან, ისინი რეალურად სოციალური სერვისის პირველ ხაზზე მდგომი ადამიანები არიან. ვსაუბრობდით კომუნიკაციაზე, დაგვიანების მართვაზე, მგზავრის ჯანმრთელობისა და ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებაზე, გაურკვევლობის სტრესზე.
ტრენინგის მთავარი ამოცანა იყო იმ მიზეზების სწორად ახსნა, რატომ არის მძღოლის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი მგზავრისთვის და როგორ აისახება სერვისის ხარისხი მის ჯანმრთელობაზე, დასაქმებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
რატომ მიგაჩნიათ მობილობა სოციალური ჩართულობის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად?
სწორედ მობილობა განსაზღვრავს, არის თუ არა ჩართულობა რეალურად ფუნქციური, თუ ის სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. ჩემი პროფესიული გამოცდილების განმავლობაში, იქნება ეს შშმ პირთა დასაქმების მოდელებზე მუშაობა, დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმები თუ საზოგადოებაზე დაფუძნებული სოციალური სერვისები, არაერთხელ მინახავს, რომ ყველაზე კარგად დაგეგმილი პროგრამებიც კი ვერ აღწევს მიზანს, თუ ადამიანებს არ აქვთ ფიზიკური წვდომა სამუშაო ადგილებზე, ჯანდაცვისა და განათლების სერვისებზე.
პარატრანსპორტის შემთხვევაში გადაადგილების ხელმისაწვდომობა პირდაპირ განსაზღვრავს, შეძლებს თუ არა ადამიანი სამუშაო ადგილის შენარჩუნებას, დროულად მიიღებს თუ არა სამედიცინო მომსახურებას და აქტიურად ჩაერთვება თუ არა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. როდესაც მობილობის სისტემები გამართულად მუშაობს, ის ადამიანებს დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს, ხოლო, სისტემური ხარვეზების დროს იქმნება თანმიმდევრული ბარიერები, რომელთა გადალახვა მხოლოდ ფორმალური მიდგომებით შეუძლებელია.
რამდენად მნიშვნელოვანია ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი?
პარატრანსპორტზე საუბარი ხშირად ვიწრო ოპერაციულ ჩარჩოებში მიმდინარეობს და ყურადღება მახვილდება მარშრუტებზე, განრიგზე, ხარჯებზე, მაშინ როდესაც მისი ფართო სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობა სათანადოდ არ არის გააზრებული. ამასთან, მიმდინარე დემოგრაფიული ცვლილებები, განსაკუთრებით მოსახლეობის დაბერება, ზრდის იმ ადამიანთა რაოდენობას, რომლებიც მომავალში ინკლუზიურ მობილობის სისტემებზე იქნებიან დამოკიდებული.
პროფესიული თვალსაზრისით მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნის საჯარო დიალოგში გადატანა. პოლიტიკები, პროცედურები და ტრენინგების ჩარჩოები, რომელთა შემუშავებაც ჩემი ხელმძღვანელობით მოხდა, ეფუძნება რეალურ გამოცდილებასა და ფაქტობრივ მონაცემებს. ამ გამოცდილების გაზიარება ხელს უწყობს უფრო სიღრმისეულ და პასუხისმგებლიან დისკუსიას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს, შეფასდეს და იმართებოდეს ინკლუზიური მობილობის სისტემები.
თქვენ ასევე ხაზს უსვამთ ამ გამოცდილების საერთაშორისო მნიშვნელობას, განსაკუთრებით საქართველოს კონტექსტში. რატომ?
აშშ-ის პარატრანსპორტის სისტემა მნიშვნელოვან გამოცდილებას და წარმატებულ მაგალითებს გვთავაზობს, თუმცა მისი პირდაპირ გადმოტანა არ იქნება ეფექტიანი. ის წარმოადგენს ჩარჩოს, რომელიც გააზრებულ და კონტექსტზე მორგებულ ადაპტაციას საჭიროებს. ისეთი პრინციპები, როგორიცაა მობილობის აღქმა მონაწილეობისთვის აუცილებელ უფლებად, ტრანსპორტის ინტეგრაცია დასაქმებისა და ჯანდაცვის სერვისებთან, მომსახურების ხარისხის სტანდარტების დაწესება და მომხმარებლის უკუკავშირის სისტემური გამოყენება, სრულად შეესაბამება საქართველოს რეფორმების მიმართულებას.
ვინაიდან ჩემი პროფესიული გამოცდილება მოიცავს საერთაშორისო პრაქტიკის ადგილობრივ კონტექსტთან მორგებას, სწორედ ინკლუზიური მობილობის სფეროში ვხედავ ამ ცოდნის გადაცემის ძლიერ პოტენციალს.
მსურს,
მკითხველმა პარატრანსპორტი დაინახოს არა როგორც მეორეხარისხოვანი ან მხოლოდ ტექნიკური სერვისი, არამედ როგორც სოციალური ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ღირსეულ მოპყრობას, დამოუკიდებელ ცხოვრებაში ჩართულობას და ეკონომიკურ აქტივობას.
ინკლუზიური მობილობა წარმოადგენს საზოგადოებრივ ინვესტიციას, რომლის სარგებელი სცდება უშუალო მომხმარებელთა წრეს და აისახება ეკონომიკურ აქტივობაზე, სოციალური ხარჯების შემცირებასა და საჯარო სისტემებისადმი ნდობის განმტკიცებაზე.
რა გეგმები გაქვთ უახლოეს პერიოდში ინკლუზიური მობილობის სფეროში?
უახლოეს პერიოდში ვგეგმავ ინკლუზიური მობილობის სფეროში დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებას სხვა სერვისის მიმწოდებელ კომპანიებთან, პროფესიულ წრეებთან და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან. კონკრეტულად, 2026 წლის იანვრიდან, კონსულტაციებს გავუწევ კიდევ ერთ მომსახურების მიმწოდებელ კომპანიას Parliament Transportation Inc. ჩემი მიზანია ხელი შევუწყო ისეთი პრაქტიკების დანერგვასა და გავრცელებას, რომლებიც ეფუძნება მაღალი ხარისხის მომსახურებას, ღირსეულ მოპყრობას და მომხმარებელზე ორიენტირებულ მიდგომებს.
ამასთან, ვაპირებ ადვოკატირების მიმართულებით მუშაობას, რათა ინკლუზიური მობილობა უფრო ფართოდ აღიქმებოდეს, კერძოდ, როგორც სოციალური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი და არა მხოლოდ ტექნიკური სერვისი. მიმაჩნია, რომ გამოცდილების გაზიარება და ამ თემაზე საჯარო საუბარი აუცილებელია იმ სისტემური ცვლილებების მხარდასაჭერად, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე გარდამტეხ გავლენას ახდენს.


