რა უნდა იცოდეთ თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს ნარკოდამოკიდებულება აწუხებს: ინტერვიუ „Start New Life“-ის დამფუძნებელთან
25/11/2025 06:59:00 საზოგადოება
ინტერვიუ – აშშ-ი მოქმედი მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის ცენტრ „Start New Life“-ის დამფუძნებელთან ნათია ფურცხვანიძესთან:
ქალბატონო ნათია, როდის დაარსდა და რას წარმოადგენს „Start New Life“?
„Start New Life“ არის მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის ცენტრი ნარკო და ალკოჰოლ დამოკიდებული ადამიანებისთვის. ამავდროულად ვაწარმოებთ მონიტორინგს მომხარებელთა რაოდენობის დინამიკაზე დაკვირვებით. ძალიან ხშირად ემიგრაციაში ცხოვრება მძიმეა - სტრესი, მარტოობა, კულტურული ბარიერები, ცხოვრების რითმი, ეს ის მცირე ჩამონათვალია რაც ადამიანებს მოწყვლადს ხდის. ჩვენ ვცდილობთ შევთავაზოთ მათ უსაფრთხო სივრცე, პროფესიული დახმარება და რეალური გამოსავალი. აქვე უნდა აღინიშონოს, რომ ყველა პაციენტის პესონალური ინფორმაცია ჩვენთან არის დაცული, კონფიდენციალური. ამას თავიდანვე იმიტომ ვამბობ, რომ ხშირად პაციენტები თავს იკავებენ, მოგეხსენებათ როგორი სტიგმა და ტაბუდადებული თემაა.
რა ეტაპებს მოიცავს თქვენი დახმარება?
პროცესი იწყება კონსულტაციით – ვაფასებთ დამოკიდებულების ხარისხს და ზოგად მდგომარეობას. შემდეგ ვადგენთ ინდივიდუალურ გეგმას, რომელიც სრულად არის მორგებული პაციენტზე. ჩვენ ვუწევთ სრულ კოორდინაციას, ვაკავშირებთ ექიმებთან, ფსიქოლოგებთან, სოციალური დახმარების სერვისებთან და საჭიროების შემთხვევაში, გადამისამართებას ვახდენთ პარტნიორ კლინიკებში.
ნარკოდამოკიდებულ ადამიანებში ხშირია რეციდივი. სწორედ ამიტომ მკურნალობა მოითხოვს ხანგრძლივ ჩართულობას, მონიტორინგსა და ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას. პაციენტს ჩვენგან რომ ვუშვებთ, პროცესი ამით არ მთავრდება — ჩვენ კვლავ ვაკვირდებით მის მდგომარეობას, ვეხმარებით სტაბილურობის შენარჩუნებაში და საჭიროების შემთხვევაში ახალ გეგმას ვადგენთ.
ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევთ ოჯახის ჩართულობას, რადგან მათი მხარდაჭერა პაციენტის რეაბილიტაციის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ მკურნალობა, არამედ მათი ხარისხიანი და უსაფრთხო რეინტეგრაცია ყოველდღიურ ცხოვრებაში.
როგორია თქვენი გამოცდილება — როგორ რეაგირებს ნიუ-იორკის ქართული დიასპორა თქვენი ცენტრის საქმიანობაზე?
ქართული საზოგადოება ნელ-ნელა უფრო გახსნილად და დამხმარედ გვევლინება, თუმცა სტიგმა მაინც არსებობს. ბევრს ჯერ კიდევ ეშინია ხმამაღლა საუბარი დამოკიდებულებაზე, რადგან ფიქრობენ, რომ სხვები განსჯიან. სწორედ ამიტომ, ბევრი პირველ ეტაპზე ანონიმურად გვიკავშირდება.
საიმედოა, რომ ბოლო წლებში დამოკიდებულება იცვლება — უფრო მეტი ოჯახი მოდის თუნდაც ინფორმაციის გასარკევად, სტიგმა ნელ-ნელა იბზარება და ადამიანები მეტად მზად არიან დახმარების საძიებლად თუ მისაღებად. ხშირად ქართველივე ემიგრანტები გვეხმარებიან ინფორმაციის გავრცელებაში, ერთმანეთს აძლევენ რჩევებს.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართულ საზოგადოებაში იმის დამკვიდრება, რომ ეს არის დაავადება და არა „სირცხვილი“. როდესაც ამ დამოკიდებულებას ვამკვიდრებთ, ადამიანებისთვის პირველი ნაბიჯის გადადგმაც გაცილებით მარტივი ხდება.
რომელი ასაკობრივი ჯგუფია თქვენთან მომართვიანობის მხრივ ყველაზე გავრცელებული?
ყველაზე ხშირად 25–45 წლის ადამიანები მოგვმართავენ. ეს ასაკი ემიგრაციაში განსაკუთრებით დატვირთულია — ინტენსიური სამუშაო გრაფიკი, ოჯახური პასუხისმგებლობები, ფინანსური ზეწოლა და ახალი გარემოსადმი ადაპტაცია სტრესს მნიშვნელოვნად ზრდის, რაც დამოკიდებულების რისკებსაც აძლიერებს.
საინტერესო ტენდენცია ის არის, რომ ადრე უმეტესობა დამოკიდებული სწორედ ამერიკაში ხდებოდა — აქაური მძიმე ემოციური მდგომარეობის ფონზე, რაც მოგეხსენებათ ემიგრაციას თან სდევს. დღეს კი ხშირად ვხვდებით შემთხვევებს, როცა ადამიანები უკვე ჩამოსვლისას არიან დამოკიდებულები და დახმარება თავიდანვე სჭირდებათ.
ასევე იშვიათად, მაგრამ გვაქვს შემთხვევები, რომ 18–19 წლის ახალგაზრდებიც მოგვმართავენ, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად მნიშვნელოვანია პრევენცია და ადრეული ჩარევა.
რა ნივთიერებებზეა დამოკიდებულება ყველაზე ხშირი?
ბოლო წლებში მკვეთრად იზრდება ოპიოიდებისა და სინთეტიკური სტიმულატორების მოხმარება, რაც განსაკუთრებით საშიშია. ხშირად ადამიანები ერთდროულად იღებენ რამდენიმე სახეობის ნარკოტიკს, ზოგჯერ არც კი იციან, რას იღებენ, რაც სერიოზულ რისკებს ქმნის. ასეთი კომბინაციები ხშირად ფატალურ შედეგამდე მიდის.
გარდა ამისა, ხშირია ბენზოდიაზეპინებსა და ალკოჰოლზე დამოკიდებულებაც. ბევრი მომხმარებელი ვერ აცნობიერებს დამოკიდებულების ხარისხს მანამ, სანამ ჯანმრთელობის პრობლემები უკვე მკვეთრად არ ვლინდება. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ გაიგოს: ეს პრობლემები ქრონიკული და სერიოზულია, შესაბამისად, მათი დროული გამოვლენა და პროფესიონალური დახმარება გადაუდებელი საჭიროებაა
რა უნდა იცოდნენ ოჯახებმა, რომლებიც ხედავენ, რომ ახლობელი უკვე სერიოზულ საფრთხეშია?
პირველ რიგში, არ უნდა ელოდონ და უყურონ როგორ ხდება დღითი დღე მათი ოჯახის წევრი ამა თუ იმ ნივთიერებაზე დამოკიდებული. რაც ადრე იწყება დახმარება, მით უკეთესია. ოჯახის მთავარი როლია – არა ბრალდებები, არამედ კონსტრუქციული მხარდაჭერა. როცა მოგვმართავენ დროულად, წარმატების შანსი ბევრად მაღალია.
.
რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან მუშაობის დროს?
მთავარი სირთულე არის ის, რომ ბევრ ადამიანს არ აქვს ნდობა, ასევე დამოკიდებულება საკუთარი მდგომარეობის მიმართ - ფიქრობენ, რომ თავად მოერევიან პრობლემას, რომ მათთვის ნარკოტიკისთვის თავის დანებება სირთულეს არ წარმოადგენს, თუმცა რეალობა სულ სხვაა. ასევე დიდი გამოწვევაა ფინანსური პრობლემა: ამიტომ ვცდილობთ, მოვიძიოთ გრანტები, დონორები, საქველმოქმედო მხარდაჭერა.
რას ეტყვით ქართველებს, რომლებიც ამერიკაში იმყოფებიან და შესაძლოა უკვე სჭირდებათ დახმარება, მაგრამ ვერ დგამენ შესაბამის ნაბიჯებს?
დახმარება სირცხვილი არ არის. სირცხვილია პრობლემა უყურადღებოდ დატოვო. ნებისმიერი ადამიანი, ვინც დღეს იღებს გადაწყვეტილებას, ხვალ ბევრად ძლიერი იქნება. მარტო არავინ დავტოვოთ – ეს არის ჩვენი მთავარი მისია.


