
სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა გადავადდა
11/03/2020 10:31:56 თავდაცვა
სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა,- შესაბამისი გადაწყვეტილება ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიიღეს.
დღესვე საბჭომ რამდენიმე სხვა გადაწყვეტილებაც მიიღო:
საქართველოს მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები ამ ეტაპზე პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა;
პირველ აპრილამდე შეწყვეტილი იქნება სპეციალური საჭიროებების მქონე პირებისთვის მომსახურების დღის ცენტრებში მიწოდება. საჭირო ღონისძიებებს დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ფარგლებში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ პერიოდში ანაზღაურების საკითხი კი, შესაბამისი სახელმწიფო პროგრამის გათვალისწინებით გადაწყდება.