
ტრამპი: ევროპამ არაფერი უნდა იყიდოს რუსეთისგან
15/09/2025 15:54:00 მსოფლიო
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის შემდგომი სანქციები ევროკავშირის მიერ მიღებულ შეზღუდვებზე იქნება დამოკიდებული.
დონალდ ტრამპმა ევროკავშირი გააკრიტიკა იმის გამო, რომ სანქციები, რომლებსაც ევროპელები რუსეთის წინააღმდეგ აწესებენ, საკმარისად მკაცრი არაა.
ტრამპის თქმით, ევროპელები „ლაპარაკობენ, მაგრამ არ მოქმედებენ“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის შემდგომი სანქციები დამოკიდებულია იმაზე, გააძლიერებს თუ არა ევროპა საკუთარ შემზღუდავ ზომებს და შეწყვეტს თუ არა რუსული ენერგიის შეძენას.
ნატოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესაძლო დაწესების შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალიანსი და ევროპა „თავის საქმეს არ აკეთებენ“.
მისი თქმით, ევროპული ქვეყნები აგრძელებენ რუსეთისგან ენერგიის ყიდვას.
„შეხედეთ ევროპას, ისინი ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ რუსეთისგან ყიდულობენ ნავთობს. ამიტომ, ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ ერთადერთი, ვინც სრული დატვირთვით მუშაობს…
მე მზად ვარ, სანქციები დავაწესო, მაგრამ მათ უნდა გაამკაცრონ თავიანთი სანქციები იმის შესაბამისად, რასაც მე ვაკეთებ“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ევროპელი პარტნიორებისგან სინქრონულ ან პრევენციულ ქმედებებს ელის.
„მე მზად ვარ, წინ წავიდე, მაგრამ მათაც უნდა გააკეთონ ეს. ვფიქრობ, რომ ისინი ამას გააკეთებენ. მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ საუბრობენ და არ მოქმედებენ“, – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა კატეგორიულად განაცხადა, რომ ევროპელებთან შეთანხმება რუსული საქონლის შეძენაზე სრულ უარს ნიშნავდა.
„შეთანხმება იმაში მდგომარეობს, რომ მათ არ უნდა იყიდონ რუსეთისგან [არაფერი] – იქნება ეს ბუნებრივი აირი თუ სიგარეტი, არ მაინტერესებს“, – განაცხადა ტრამპმა.
უნგრეთი და სლოვაკეთი ევროკავშირში რუსული ენერგიის უმსხვილესი მყიდველები არიან და ეწინააღმდეგებიან ევროკომისიის მცდელობებს რუსეთიდან იმპორტის თანდათანობით გაუქმების შესახებ. ისინი რუსულ ნავთობს “დრუჟბას” ნავთობსადენით იღებენ, რომელზეც უკრაინის შეიარაღებული ძალები პერიოდულად იერიშებს ახორციელებს , რასაც მკაცრად გმობს უნგრეთი.
2022 წელს ევროკავშირი თავისი გაზის დაახლოებით 45%-ს რუსეთიდან იღებდა. მოსალოდნელია, რომ წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 13%-მდე შემცირდება, თუმცა, როგორც BBC წერს, ტრამპის სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ მას ეს მაჩვენებელი საკმარისად არ მიაჩნია.
2022 წლიდან ევროპულმა ქვეყნებმა დაახლოებით 210 მილიარდი ევრო დახარჯეს რუსულ ნავთობსა და გაზზე. ევროკავშირმა ადრე აიღო ვალდებულება, რომ 2028 წლისთვის თანდათანობით შეწყვეტდა შესყიდვებს. აშშ-ს სურს, რომ ეს უფრო სწრაფად მოხდეს – ნაწილობრივ, მათგან მარაგების შეძენით.