
ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
02/09/2025 10:05:14 პოლიტიკა, სამართალი
ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7 პირი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ძალადობისთვის ცნო დამნაშავედ.
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულების ნაწილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ნაწილს კი 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
კერძოდ, სასამართლომ 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები 226-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს.
ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რაც შეეხება ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს, 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, გადაუკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით და სცნო დამნაშავედ, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს.
ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ცნობისთვის, ვასილ კაძელაშვილს, ვეფხია კასრაძეს და ზვიად ცეცხლაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას და ხელმძღვანელობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხოლო ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ჰქონდა წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. ეს ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 -წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.