
საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 4%–ით შემცირდა
10/03/2020 12:22:27 ეკონომიკა
2020 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს აეროპორტები ჯამში 597 506 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4%–ით ჩამორჩება,– იუწყება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება .
ამავე პერიოდში კლება ფიქსირდება განხორციელებული რეისების მიმართულებითაც: 2020 იანვარ-თებერვალში საქართველოს ყველა აეროპორტში 2 923 რეისი შესრულდა, რაც 11%–ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდის მონაცემებზე.
„საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ცნობით, მიმდინარე წლის თებერვალში მგზავრთნაკადის ზრდა თბილისის გარდა, ქვეყნის ყველა საერთაშორისო, თუ ადგილობრივ აეროპორტში დაფიქსირდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2020 წლის თებერვალში 187 975 მგზავრს მოემსახურა, რაც 21%–ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (238 432). 19%–იანი კლება ფიქსირდება მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალშიც, ამ თვეებში თბილისის აეროპორტმა 399 557 მგზავრი მიიღო, წინა წლის ანალოგიური პერიოდში კი – 490 608 მგზავრი.
უწყება განმარტავს, რომ კლების მიზეზი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩინეთთან და ირანთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტა იყო, ასევე, გასული წლის ზაფხულში რუსეთის მიერ დაწესებული ავიაშეზღუდვა.