ელჩის მოვალეობის შემსრულებელი მიიღეს საქართველოს სადავო ლეგიტიმაციის მქონე მთავრობის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა და მისმა მოადგილემ, გიორგი არველაძემ.
ინფორმაცია სამინისტროს პრესცენტრმა გაავრცელა.
პრესცენტრის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს „საქართველოსა და აშშ-ის შორის თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები“.
რაზე ისაუბრეს - სამინისტროს ვერსია
ამავე წყაროს თანახმად, „ყურადღება გამახვილდა“ ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე.
ამ შეხვედრაზეც აღნიშნეს, რომ „ქართული მხარე დაინტერესებულია აშშ-სთან ურთიერთობის გადატვირთვით და სტრატეგიული თანამშრომლობის აღდგენით“.
მარიამ ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივების მნიშვნელობას, მათ შორის, სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას.
მისივე თქმით, „მიღწეული შედეგი მნიშვნელოვანია რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, რაც საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პრიორიტეტია“.
განიხილეს „ეკონომიკური თანამშრომლობის ფართო სპექტრიც“ - მათ შორის, ორმხრივი ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტრანსპორტის საკითხები.
„შუა დერეფანი“
პრესცენტრის განცხადებით, „ორივე მხარემ“ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე.
„ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო პროექტების საკვანძო მოთამაშის ფუნქციას, ასევე შუა დერეფნის, როგორც ევროპა - აზიის დამაკავშირებელი სტაბილური, უსაფრთხო და ეფექტური სატრანზიტო მარშრუტის განვითარების მნიშვნელობას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
ასევე, ყურადღება გაამახვილეს „ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთაც საქართველოს მთავრობა შუა დერეფნის განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის გაზრდის კუთხით ახორციელებს და გეგმავს“, თუმცა პრესრელიზში ეს პროექტები დაზუსტებული არ არის.
მათ შორის, არ არის ნახსენები ანაკლიის პორტი.
„ასევე აღინიშნა, რომ მზარდია სავაჭრო ბრუნვა ქვეყნებს შორის, რომელმაც 2025 წლის იანვარი - ივლისის პერიოდში 1,6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა“, - ვკითხულობთ სამინისტროს გავრცელებულ ცნობაში.
აშშ-ის საელჩომ მოკლე ინფორმაცია გაავრცელა შეხვედრის შესახებ:
„ოთხშაბათს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი პერსელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ქვრივიშვილს ჩვენ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების შესახებ სასაუბროდ და ამერიკული კომპანიებისთვის საქართველოში საინვესტიციო კლიმატის განსახილველად შეხვდა“, - წერია ცნობაში.