
ერდოღანი: ზანგეზურის დერეფანი ერთგვარი შერიგების პროექტია
26/08/2025 17:35:00 მსოფლიო
ზანგეზურის დერეფანი თურქეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ერთგვარი შერიგების პროექტია, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, Trend-ის ცნობით, მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ზანგეზურის დერეფნის პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ 224-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზი, რომლის ფუნდამენტიც 22 აგვისტოს ჩაიყარა, თურქეთისთვის საამაყოა. ამ დერეფნის გამტარუნარიანობა წელიწადში 5,5 მილიონი მგზავრი და 15 მილიონი ტონა ტვირთი იქნება.
8 აგვისტოს ვაშინგტონში, თეთრ სახლში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მედიაციითა და მონაწილეობით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სამშვიდობო დეკლარაცია მიიღეს, რომელმაც უნდა დაასრულოს მრავალწლიანი კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. გარდა ამისა, შეთანხმების შესაბამისად, აშშ მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას 99 წლით სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიული სატრანზიტო დერეფნის განვითარებისათვის.