ინფორმაცია „საერთაშორისო ძებნის“ შესახებ დღეს, 12 აგვისტოს გაავრცელეს რუსეთის სახელმწიფო სააგენტოებმა „ტასმა“ და „რია ნოვოსტიმ“. მანამდე დმიტრი ბიკოვს, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს, რუსეთში „ფედერალურ“ დონეზე ეძებდნენ.
8 აგვისტოს მოსკოვის სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მწერალს დაუსწრებლად შეუფარდა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა. რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული ბიკოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია „რუსული არმიის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“.
57 წლის დმიტრი ბიკოვი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე რუსი მწერალია. პუტინის ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ბიკოვი რუსეთის ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრიც იყო.
დმიტრი ბიკოვმა უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრა საჯაროდ დაგმო, რის შემდეგაც რუსული გამომცემლობებისა და მაღაზიების ნაწილმა უარი თქვა ბიკოვის წიგნების გაყიდვაზე.
დმიტრი ბიკოვი უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს აშშ-ში, სადაც კორნელის უნივერსიტეტში ასწავლის.