აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხრეთ კავკასიაში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიჯნაზეა, ეს შესანიშნავი მიღწევა იქნებოდა, კიდევ ერთი ნაბიჯი სტაბილურობისკენ, რაც ხელს შეუწყობს როგორც რეგიონულ, ასევე საერთაშორისო მშვიდობას, – ამის შესახებ აღნიშნულია რესპუბლიკელი სენატორის, სტივ დეინსის სტატიაში, რომელიც „უოლ სთრით ჯორნალში“ გამოქვეყნდა.
სენატორი წერს, რომ შეთანხმება ასევე მოიტანს ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც ჩართული ქვეყნების ფარგლებს გაცილებით სცილდება.
„წელს ბატონი ტრამპის გუნდის წევრებთან ერთად ორივე ქვეყანას ვესტუმრე. ჩვენ შევისწავლეთ რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი და ხელი შევუწყვეთ სამშვიდობო მოლაპარაკებების ზოგიერთ ყველაზე რთულ საკითხზე დისკუსიებს. მე შევხვდი როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, ასევე სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და განვიხილეთ პრაქტიკული გადაწყვეტილებები. ორივე ლიდერი აცნობიერებს, რამდენად მნიშვნელოვანია ამჟამინდელი მომენტი და რამდენად მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია მათ წინ. დიდი ხნის განმავლობაში რუსეთი რეგიონული ძალაუფლების მქონე შუამავლის როლს ასრულებდა, ამ პოზიციას კონფლიქტის გასაღვივებლად და სამხრეთელი მეზობლების სუსტად და იზოლირებულად შესანარჩუნებლად იყენებდა. ახლა სომხეთი და აზერბაიჯანი იხსნიან რუსული დომინირების უღელს და მომავლის დამოუკიდებელ ხედვას მიმართავენ, რაც აშშ-ის პრიორიტეტებს შეესაბამება“, – წერს ამერიკელი სენატორი.
სტივ დეინსის განცხადებით, რეგიონი თავად განსაზღვრავს საკუთარ მომავალს შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის საფუძველზე, რომელსაც შეუძლია, საფუძველი ჩაუყაროს კეთილდღეობას არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ მის საზღვრებს მიღმაც.
„შუა დერეფნის გეოგრაფიული მდებარეობა მას უნიკალურ სტრატეგიულ და ეკონომიკურ მნიშვნელობას ანიჭებს. აშშ-ის მოწინააღმდეგეებს, ირანსა და რუსეთს შორის მდებარე ეს ტერიტორია ერთადერთ მიწის ნაკვეთს წარმოადგენს, რომლის მეშვეობითაც ცენტრალური აზიის ვაჭრობა დასავლეთისკენ შეუფერხებლად შეიძლება, განხორციელდეს. ცენტრალური აზიის ხუთ ქვეყანას – ყაზახეთს, უზბეკეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს და თურქმენეთს – ნავთობის, ბუნებრივი აირის, ქვანახშირის, ურანის და სხვა ძირითადი რესურსების მნიშვნელოვანი მარაგი აქვს. ამას ემატება სომხეთსა და აზერბაიჯანში სტიბიუმის, სპილენძის, ოქროს, ქრომიტის, მანგანუმის, ვერცხლის, თუთიის და სხვა კრიტიკული მინერალებისა და იშვიათ მიწა-ელემენტების დიდი საბადოები. კონფლიქტის არარსებობის შემთხვევაში ტრანსანატოლიური მილსადენი შეძლებს, გაზარდოს თავისი გამტარუნარიანობა და რეგიონის ენერგორესურსების მეტი ნაწილი ევროპას მიაწოდოს, რაც კონტინენტს საშუალებას მისცემს, აღარ იყოს დამოკიდებული რუსეთის მარაგებზე. სამხრეთ კავკასიის მინერალურ რესურსებს შეუძლია, შეამციროს აშშ-ის დამოკიდებულება ჩინეთზე“, – აღნიშნულია სტატიაში.