
მზია ამაღლობელის ადვოკატი: ბრალდება ამ პროცესზე ირაკლი დგებუაძის პირად ადვოკატად იქცა
01/08/2025 17:05:00 პოლიტიკა, სამართალი
ბრალდება ამ პროცესზე ირაკლი დგებუაძის პირად ადვოკატად იქცა - ყველა პოლიციელის გამოკითხვის ოქმი, სიტყვა - სიტყვითა და სასვენი ნიშნებით ემთხვევა. არცერთი პოლიციელი დაკითხვაზე არ ყოფილა, გადააკოპირა გამომძიებელმა ეს ჩვენებები, ამიტომ არ შეიძლება ბრალდება პოლიციელთა ჩვენებას ეყრდნობოდეს, - ამის შესახებ „ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს წინაშე წარმოთქმული დასკვნითი სიტყვისას აღნიშნა.
მისივე თქმით, მზიას დაკავება, დაპატიმრება და პირადი ჩხრეკა უკანონო იყო.
„ამდენი განცხადება ხელისუფლებას არც ერთ საქმეზე არასდროს გაუკეთებია, ცივილიზებული სამყარო შოკში იქნება. პროკურორმა დასკვნითი სიტყვა მოგვახსენა. ამის შემდეგ პრემიერმა ისევ განაცხადა: - „ჩაიდინა თუ არა დანაშაული მზია ამაღლობელმა, უნდა შევთანხმდეთო“. ის კოლექტიურად მოგვიწოდებს აღიარებას. ჩვენი ერთობლივი აღიარება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირებს ძალიან ესიამოვნებოდათ, მზიასი და ადვოკატების, ან მზიას მედიასაშუალების. ქვეყნის პრემიერი ამბობს, რომ არავის მისცემს შანსს ამტკიცოს, რომ მზიას დანაშაული არ ჩაუდენია. პრემიერი მოგვიწოდებს ამაზე არ ვისაუბროთ, რადგან ეს ყოფილა პოლიტიკური ბრალდებები. პრემიერი ამბობს, რომ „ეს არის ცალსახად სისხლის სამართლის შესაბამისი ქმედება“. ისმის პოლიტიკური ბრალდებები. მოგვიწოდებს სინანულისკენ, აღიარებისკენ. მზიამ უნდა აღიაროს. „აღიარონ და მერე ვილაპარაკოთო“ - საერთოდ რა პროცედურას გვთავაზობს ხელისუფლება, გაოცებული ვარ. ირაკლი დგებუაძე უშვერი სიტყვებით აგინებდა მზია ამაღლობელს, პრაქტიკულად განაჩენიც გამოიტანა, სასჯელიც დაადგინა...
დღეს უნდა ვთქვა დასკვნითი სიტყვა და პრემიერი მზიას პროცესს მისდევს ფეხდაფეხ და მე დასკვნით სიტყვა უნდა წავიკითხო თუ პრემიერს ვუპასუხო?!
ბრალდება ამ პროცესზე ირაკლი დგებუაძის პირად ადვოკატად იქცა - ადვოკატირება და პოლიციის დანაშაულებრივი ქმედებების „გაპრავება“. სახელმწიფო ბრალდება არ არის ირაკლი დგებუაძის ადვოკატი. მზია ამაღლობელის პროცესი, რომელიც 5 თვეზე მეტ ხანს მიდიოდა, არ იყო სამართლიანი არც გამოძიების ეტაპსა და არც სასამართლოში.
ყველა მოწმე, რომელიც ბრალდებამ წარმოადგინა, უშუალოდ მის სამსახურებრივ დაქვემდებარებაში იყო და როცა თავად დგებუაძე მოვიდა მოწმედ, მას პირად ესკორტირებას უწევდნენ, საპატიო ყარაულში იყვნენ. არცერთ გამომძიებელსა და პროკურორს არ უნახავს მზია ამაღლობელი, არ უკითხავთ არაფერი, თვალით არ უნახავთ. საქმე ისე დასრულდა, გამომძიებლებმა მზია დარბაზში ნახეს. მაშინ თქვეს, ჩვენ მხოლოდ იმიტომ არ შევაწუხეთ, რომ ის შიმშილობდაო. მის წინააღმდეგ ისე დაიწყო და დასრულდა [გამოძიება], საერთოდ არ უნახავთ, იქნება და იბრალებდა დანაშაულს?! თავშივე გადაწყვეტილი იყო, როცა დგებუაძე დაემუქრა. რაზე უნდა დაეკარგა დრო რუსთავის სასჯელაღსრულებაში? - ესაა მოცემულობა.
საქმის წარმოება ბერდია ფერაძის პატაკით: პატაკის მიხედვით, საპროტესტო აქციის მიმდინარეობის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დგებუაძეს, სახისა და ყურის არეში დაარტყა. პატაკში არ არის მაკვალიფიცირებელი გარემოება მითითებული. წინა პროცესზე ამის არგუმენტად თქვა, რომ გამოძიება უნდა დაწყებულიყო ამ მუხლით. საფუძვლად უდევს მხოლოდ პატაკი, რაც არაფერს ამბობს, გარდა იმისა, რომ დგებუაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გამოძიება პოლიციელზე თავდასხმით მუხლით დაიწყო, ეს იყო დამადასტურებელი გარემოება, რომ დგებუაძე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დაიწყებდა გამოძიებას. პროცესზე არაერთი კითხვა დავუსვი საქმის გამომძიებლებს, რატომ დაიწყეს ამ მუხლით საქმეზე გამოძიება, პასუხი არ ჰქონდათ. თავიდანვე მუხლი მზია ამაღლობელის დევნას ემსახურებოდა, გრიგოლ ბესელია უშუალოდ არის დაინტერესებული ამ საქმით. პოლიციის შენობასთან იმყოფებოდა არაერთი პოლიციელი და ჟურნალისტი, მხოლოდ ნიღბიანი პოლიციელები გამოჰკითხეს. ამავე პროცესზე პროკურორმა დაადასტურა, რომ ნიღბიანი პოლიციელის ამოცნობა შეუძლებელია. გამომძიებელს უთხრეს, მე ვარ კადრში ნიღბიანი პოლიციელი, გამომძიებელმა თავი არ შეიწუხა გადასამოწმებლად, უბრალოდ გამოჰკითხა. ყველა მათი გამოკითხვის ოქმი, სიტყვა - სიტყვითა და სასვენი ნიშნებით ემთხვევა. არცერთი პოლიციელი დაკითხვაზე არ ყოფილა, გადააკოპირა გამომძიებელმა ეს ჩვენებები. ამიტომ არ შეიძლება ბრალდება პოლიციელთა ჩვენებას ეყრდნობოდეს. ეს ადასტურებს, რომ გამოძიება არ იყო მზიას საქმეში კეთილსინდისიერი. გამოძიებამ არ დაკითხა ის საჯარო პირები, რომლებიც საჯაროდ ვიდეოში ჩანდა. მზიას დაკავება, დაპატიმრება და პირადი ჩხრეკა უკანონო იყო. მზია ამაღლობელი არც სტიკერის გაკვრამდე და არც შემდეგ არავის აყენებს შეურაცხყოფას. ჩანს მზია ამაღლობელი უხმოდ აკრავს სტიკერს, მიდის ბესელია და აკავებს, საქმეში წერია, რომ მზია პოლიციელებს ეძახდა „ძაღლებო, ღორებო“...
მე დამრჩა შთაბეჭდილება, დაცვას რომ არ ემუშავა, ბრალდებას არაფერი ჰქონდა. ბრალდება როგორ მოიქცა? - არ იკითხა, არ გაარკვია, იშუამდგომლა ის ვიდეომტკიცებულებები ამორიცხეო, სადაც ბესელია ჩანს. ეს ვიდეომტკიცებულებები სამაშველო რგოლი აღმოჩნდა, ბრალდება აქ ბრმებსა და ყრუებს გამოგვიყვანდა. ცრუ მოწმეები მოგვიყვებოდნენ ზღაპრებს.
როგორ წარმოგიდგენიათ რომელიმე გამომძიებელი კრიტიკულად გამოჰკითხავდა დგებუაძეს? გამოძიება არ არკვევს, აქვს თუ არა პირადი ინტერესი დგებუაძეს. არ გამოვრიცხავ, რომ ეჭვის დონეზეც არ დაუშვია გამოძიებას. გამოძიებამ არ მოიპოვა და არ წარადგინა ადმინისტრაციული ქმედების ამსახველი ვიდეოკადრი, მიუხედავად იმისა, რომ მას არაერთი მედია აშუქებდა. თუ „ძაღლებო, ღორებო“ იძახა მზიამ, თუ წინააღმდეგობას უწევდა, ხომ ბუნებრივი ინტერესია, პოლიციის ობიექტის შენობის, საპატრულო ეკიპაჟების ვიდეოები, ვერ მოიძიეს ასეთი კადრები? არც უძებნიათ“, - განაცხადა მაია მწარიაშვილმა.
ცნობისთვის, გამოძიება მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლს ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა, რასაც პოლიციელზე თავდასხმის კვალიფიკაცია მიეცა.