გახსნის ღონისძიებაზე, რომელიც კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ოფიციალურად გაიხსნა, „ქართული ოცნების“ მთავრობის კაბინეტის წევრები არ დასწრებიან. მათ შორის არც თავდაცვის მინისტრი.
სამწყობრო მოედანზე საერთაშორისო წვრთნებში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს:
- თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა
- თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ
- ასევე, ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის მე-7 არმიის წვრთნების სარდლობის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ტერი ტილისმა.
თავდაცვის სამინისტროს ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში, რომელიც წვრთნების გახსნის ღონისძიებას აღწერს, მაღალი რანგის ლიდერები არ ჩანან. დამსწრეთა ჩამონათვალში არ არის არცერთი მაღალი პოლიტიკური რანგის ადამიანი.
როგორც სამინისტროს პრესცენტრი წერს, სწავლების გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეები, ნატოს სამეკავშირეო ოფისის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურისა (ODC) და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) წარმომადგენლები.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ ლიდერების არყოფნას ღონისძიებაზე და ფეისბუკზე წერს:
„ეტყობა „დიპ სტეიტმა“ ჩაუდოთ ეს სწავლება და შეშინებულები იმალებიან, მოსკოვმა თითი არ დაუქნიოთ. დღეს რომ სწავლებაზე არ ხარ, მართალია, ცხენიც არა ხარ. ცხენი აუცილებლად მივიდოდა“.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საქართველოში საერთაშორისო წვრთნებს ერთობლივად ხელმძღვანელობენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი უილიამ კოქსი.
Agile Spirit 2025 რეგიონის ორ ქვეყანაში - საქართველოსა და თურქეთში ტარდება.
სამინისტროს შეფასებით, ეს „რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას უწყობს ხელს“.
ამავე წყაროს ცნობით, სწავლების აღსრულება თურქეთში, ადანას პროვინციასთან ახლოს ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით 21 ივლისს დაიწყო.
Agile Spirit 2025-ში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, კიდევ რვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. მათ შორის:
- უკრაინა
- გერმანია,
- ლიეტუვა,
- მოლდოვა,
- პოლონეთი,
- რუმინეთი,
- ბულგარეთი.
„სწავლებაში ასევე ჩართულია 2 მრავალეროვნული ქვედანაყოფი; წვრთნების მიმდინარეობას ორი სახელმწიფოს წარმომადგენლები დააკვირდებიან. სწავლება მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ძალების მზადყოფნის დონის ამაღლებას, ურთიერთთავსებადობისა და ოპერატიული შესაძლებლობების გაძლიერებას“, - წერს თავდაცვის სამინისტროს პრესცენტრი.