
„რომელიმე ადამიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ვისზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტებს, გადაწყვეტილებები მიღებული არ ყოფილა“
09/03/2020 08:24:27 საშინაო პოლიტიკა
„რომელიმე ადამიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ვისზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტებს, გადაწყვეტილებები მიღებული/შეთანხმებული არ ყოფილა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გუშინ პოლიტიკური პარტიები შევთანხმდით შემდეგზე: მართლმსაჯულების სისტემა რომელიმე მხარის მიერ არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთის და არავინ არ უნდა შეეცადოს მართლმსაჯულებაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენას. ჩვენი პოზიცია აქამდეც, დღესაც და მომავალშიც იქნება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, რომელშიც მართლმსაჯულება არ შეიძლება, იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი. სხვა რაიმე კონკრეტული შეთანხმება ამ მიმართულებით დოკუმენტში არ არის მოცემული. შეთანხმება საჯაროა და თქვენ შეგიძლიათ იხილოთ იგი. შესაბამისად, კითხვებზე არის თუ არა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები მიღებული, ან შეთანხმებული რომელიმე ადამიანთან დაკავშირებით, ვისზეც ოპოზიცია აკეთებს აქცენტებს, მინდა, გითხრათ, რომ ასეთი კონკრეტული შეთანხმება გუშინ არ ყოფილა არც მიღწეული, არც შეთანხმებული და არც დადასტურებული. ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპი არის სამართლებრივი სახელმწიფო, რომელშიც ვინმეს დაკავებაზე, პატიმრობაზე ან გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებებს არა პოლიტიკოსები, არამედ შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ", – განაცხადა თალაკვაძემ.
მოგვიანებით, აღნიშნულ განცხადებას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „საუბარი ნამდვილად იყო კონკრეტულ გვარებზე, ვინც საპატიმრო უნდა დატოვოს":
„იყო კონკრეტულ გვარებზეც საუბარი, რომლებმაც უნდა დატოვონ საპყრობილე და რომლის საქმეებიც უნდა შეწყდეს, იმიტომ რომ ისინი არიან პოლიტმოტივირებულები. ხელისუფლება ამბობს იმას, რაც ხელისუფლებამ უნდა ილაპარაკოს შექმნილ ვითარებაში, ოპოზიცია ამბობს იმას, რაც ოპოზიციამ უნდა ილაპარაკოს, საქართველოს მოქალაქე და საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ აკვირდება იმას, რამდენად პატიოსნად შეასრულებს ორივე მხარე აღებულ ვალდებულებებს“, - განაცხადა ვაშაძემ.
პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოლაპარაკებაზე მყოფმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ „ოქრუაშვილი, თამლიანი და რურუა გათავისუფლებულები იქნებიან უახლოეს ხანებში“:
„პირადად დამიდასტურეს მოლაპარაკებაზე მყოფმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ოქრუაშვილი, თამლიანი და რურუა გათავისუფლებულები იქნებიან უახლოეს ხანებში, სავარაუდოდ აღმკვეთი ღონისძიება შეეცვლებათ. პროცედურულად რთულია გიგი უგულავას თმა, თუმცა ეს თემა მუდმივად იდგა დღის წესრიგში და ვფიქრობთ, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი იმედია, გამოიყენებს შესაძლებლობას, რომ იგი შეიწყალოს“.
ცნობისთვის: რიგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებით, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის პატიმრობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან შეთანხმება მიღწეულია.
ოპოზიცია და მმართველი გუნდი საარჩევნო მოდელზე გუშინ შეთანხმდა.