Accentnews.ge
პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

24/07/2025 10:02:42 პოლიტიკა

პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ 4 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

ანა დოლიძემ თვითმმართველობის არჩევნებს მსხვერპლშეწირვა უწოდა და განაცხადა, რომ მასში მონაწილეობა გაუმართლებელია.

„დღეს ქვეყანაში არის შექმნილი საკმაოდ სერიოზული ვითარება. მთავარი საკითხი, რომელზეც თქვენ ინტერესი გაქვთ, ეს არის, მიიღებს თუ არა პარტია „ხალხისთვის“ და მე, ნა დოლიძე მომავალ მსხვერპლშეწირვაში მონაწილეობას, რასაც „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეძახის. მინდა აქედან მოვიკითხო პოლიტპატიმრები, ადამიანები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლით და ჯანმრთელობით იბრძვიან ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. მინდა განვაცხადო, პარტიას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გაუმართლებელია. ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ჩვენი ქვეყნის დროებით ადმინისტრაციას, რომელიც საკუთარ თავს ხელისუფლებას ეძახის, შექმნას სალაპარაკო საერთაშორისო ასპარეზზე, რომ მან ნორმალურად ჩაატარა არჩევნები. ამის პარალელურად, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ის, რაც არის ადგილობრივი არჩევნები, არის რაიმე ფორმით ბრძოლა, ვინაიდან ჩვენს წინაშე არ არის რაიმე მსგავსება ადგილობრივ არჩევნებზე შეჯიბრებითობის პირობების. აქეთა მხარეს ვართ გულწრფელი, მებრძოლი, შეურიგებელი ხალხი, მაგრამ მეორე მხარეს არის ჩაგვრა, რეპრესია და სასამართლო „კლანი“, რომელიც ამ ყველაფერს ამართლებს და რომელზეც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დგას. ამ პირობებში, არ მგონია გამართლებულად საკუთარი მომხრეებისა და ამომრჩევლების გაყვანა ამ მსხვერპლშეწირვაზე, თუმცა, ამავე დროს პარტიას „ხალხისთვის " მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ ჩვენ არ ვუერთდებით ბოიკოტს“,-განაცხადა დოლიძემ.

მისი თქმით, ხალხმა ძალიან კარგად იცის, სად არის სამართალი და სად უსამართლობა.

„ამავე დროს, ჩვენ არ უნდა ავცდეთ იმ მთავარ მიზანს, რასაც ჰქვია ევროპაში გაწევრიანება, ამისთვის პოლიტპატიმრების თავისუფლება და სამართლიანი, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ეს უნდა იყოს მიზანი, რაზეც ჩვენ ვკონცენტრირდებით“,-განაცხადა ანა დოლიძემ. 

როგორც მან აღნიშნა, 20 წელია ქვეყანაში უსამართლობას ებრძვის და მომავალშიც გააგრძელებს.

„ვერც ბიძინა ბიძინა ივანიშვილის და ვერც იხეილ სააკაშვილის საცეცებმა ვერასდროს ჩემს გადაწყვეტილებაზე ვერავითარი გავლენა ვერ მოახერხეს. დღეს ჩვენს წინაშე 4 ოქტომბრამდე ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა არის-დავიცვათ საქართველოს მოქალაქეების შრომის, უსაფრთხოების, განათლების, ჯანდაცვის და დასვენების უფლება ჩვენს პარტნიორ სივრცეში, ჩვენს სამომავლო სახლში- ევროკავშირში. უვიზო მიმოსვლა ჩვენია და ის მხოლოდ და მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენ მოვახმართ ჩვენს ძალებს თავიდან ბოლომდე იმას, რომ შენარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა და სანქციები იყოს გამოყენებული პერსონალურად იმ კორუმპირებული და ძალაუფლებით თრობაში შესული პირების მიმართ, რომლებიც საქართველოს დროებით მმართველობას წარმოადგენენ“,-განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, მისივე თქმით, პარტია არჩევნების ბოიკოტსაც არ უერთდება და აღნიშნა, რომ რესურსების დახარჯვა, რომ „სოფელ-სოფელ იარო და ადამიანებს მოუწოდო, რაღაც არ გააკეთონ, არასწორია”.

„ჩვენს ძალებს მოვახმართ იმას, რომ შენარჩუნდეს უვიზო მიმოსვლა და სანქციები იყოს გამოყენებული კორუმპირებული და ძალაუფლებით თრობაში შესული ადამიანის მიმართ”,- განაცხადა დოლიძემ.

ამასთან, დოლიძის თქმითვე, თებერვლიდან დაზიანდა პოლიტიკური პროცესი იმით, რომ ოპოზიციური პარტიები „ორ ბანაკად დაიყვნენ“.

„ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თებერვლიდან ჩვენი პოლიტიკური სივრცე აბსოლუტურად მოწამლულია. ჩვენმა პოლიტიკოსებმა ბიძინა ივანიშვილს გაუკეთეს საჩუქარი და ორ ბანაკად დაიყვნენ. მთავარი შეცდომა იყო აქ. ძალიან სამწუხაროა და იმედი მაქვს, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, ამაზე პასუხისმგებლობას ან საჯაროდ ან ისე აიღებენ, რომ ეს პროცესი ასე დაზიანდა. თებერვლიდან ერთი და იმავეზეა საუბარი. ყოველთვის ვამბობ, არ შეიძლება პოლიტიკოსებს მოსთხოვო 7 თვით ადრე გამოვიდნენ და ბიძინა ივანიშვილს ჩააბარონ ანგარიში საკუთარი გეგმების შესახებ. ეს არის ივანიშვილის თამაში, რაც მოხდა ახლა და რაც ხდება ყოველთვის არჩევნების წინ. პროცესი დაზიანდა“,- განაცხადა დოლიძემ.

ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიებიდან „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ აპირებენ. მათ არჩევნებთან დაკავშირებით ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ხელი 14 ივლისს მოაწერეს. რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, 8 მათგანს ოფიციალურად გაცხადებული აქვს, რომ ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და მასში მონაწილეობას არ აპირებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S