Accentnews.ge
ფლანგვის დეტექტორი: მესტიის მუნიციპალიტეტში დასაქმებულია 143 სტადიონის დამლაგებელი და 170 აუზის გამწმენდი

ფლანგვის დეტექტორი: მესტიის მუნიციპალიტეტში დასაქმებულია 143 სტადიონის დამლაგებელი და 170 აუზის გამწმენდი

22/07/2025 18:13:47 პოლიტიკა

"მესტიის მუნიციპალიტეტში დასაქმებულია 143 სტადიონის დამლაგებელი და 170 აუზის გამწმენდი, რაც ეჭვს აჩენს დასაქმების რეალურობასა და გამჭვირვალობაზე", — ამის შესახებ "ფლანგვის დეტექტორი" წერს.

მათი ინფორმაციით, "2022 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო პროგრამა, რომლის მიზანი სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმება და შრომით ბაზარზე ინტეგრაცია იყო. თუმცა არსებული მონაცემები და პრაქტიკა ბადებს ეჭვს, რომ პროგრამა რეალურად არ ემსახურება არც სიღარიბის შემცირებას, არც სოციალურ ინტეგრაციას — და მით უმეტეს, არ ქმნის საზოგადოებისთვის რეალურ სარგებელს.

პროგრამის თანახმად, ბენეფიციარები ინარჩუნებენ სოციალურად დაუცველის სტატუსს და საარსებო შემწეობას, ხოლო დამატებით, მინიმალური ანაზღაურებით — თვეში მაქსიმუმ 300 ლარად — საქმდებიან ე.წ. საზოგადოებრივ სამუშაოებზე. თუმცა რიგ შემთხვევებში ეს პოზიციები ფიქტიურს ჰგავს, ან ეჭვქვეშ დგას მათი საჭიროება. ეს ყოველივე ბადებს შეკითხვას — ხსენებული პროგრამის სახით ხომ არ გვაქვს საქმე არაფორმალური დასაქმების სქემასთან, რომლის ფარგლებშიც საბიუჯეტო რესურსი რეგიონებში ქართული ოცნების მხარდამჭერებისკენ მიედინება.

მაგალითად, მესტიის მუნიციპალიტეტში დასაქმებულია 143 სტადიონის დამლაგებელი და 170 აუზის გამწმენდი, რაც ეჭვს აჩენს დასაქმების რეალურობასა და გამჭვირვალობაზე. სხვა რეგიონებში ათეულობით ბენეფიციარია დასაქმებული კეთილმოწყობის სამსახურებში, ან ისეთ პოზიციებზე, რომელთა მოცულობა არ შეესაბამება ადგილობრივ საჭიროებებს.

პროგრამის დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება. თუ 2022 წელს მისი ბიუჯეტი 39.8 მილიონი ლარი იყო, 2023 წელს — უკვე 97 მილიონი, ხოლო 2024 წლისთვის 103 მილიონი ლარი გახდა. ამ თანხით წლის განმავლობაში 30 ათასამდე სოციალურად დაუცველია დასაქმებული", — ნათქვამია პუბლიკაციაში.

მესტია

"ფლანგვის დეტექტორის" ცნობით, მიუხედავად გაზრდილი ხარჯისა, პროგრამის ეფექტიანობაზე შეფასების შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს, რადგან მუნიციპალიტეტების დიდმა ნაწილმა არ გასცა ინფორმაცია ბენეფიციართა საქმიანობაზე.

"კვლევის ფარგლებში, ინფორმაცია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან და სამინისტროდან გამოვითხოვეთ, პასუხი კი მხოლოდ 43 მუნიციპალიტეტიდან მივიღეთ. მიუხედავად მთავრობის მიერ “გამჭვირვალობის კანონის” ძალადობრივი მხარდაჭერისა, სამთავრობო უწყებებიდან პასუხი გამოთხოვილ ინფორმაციაზე მხოლოდ გარემოს დაცვის სამინისტროდან მივიღეთ.

კორექტული მენეჯმენტისა და მონიტორინგის მექანიზმების გარეშე, პროგრამა აშკარად ქმნის სივრცეს ბიუჯეტის არაეფექტური ხარჯვისა და შესაძლო პოლიტიკური კლიენტელიზმისთვის", —წერს "ფლანგვის დეტექტორი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S