
ადვოკატი: საპროცესო იმავე ოპერის ნაწილია, რასაც ხელისუფლების უმაღლესი პირები პირველი დღიდან საჯაროდ სთავაზობდნენ - მზია ამაღლობელს ეუბნებიან: პატიმრობიდან თავის დაღწევისგან ერთადერთი შანსი გაქვს, დაიბრალე ყველაფერი
21/07/2025 18:31:00 პოლიტიკა
პატიმრობიდან თავის დაღწევისგან ერთადერთი შანსი გაქვს - დაიბრალე ყველაფერი და შემდეგ ვისაუბროთ რამდენს და როგორ შეგიმსუბუქებთ. ეს იყო ბრალდების დღევანდელი პოზიცია , - ამის შესახებ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ადვოკატი აცხადებს, ბრალდების მხარის მხრიდან ადგილი აქვს ზეწოლას.
„ბრალდებას რამე განსაკუთრებული არ უთქვამს. ეს საპროცესო იმავე ოპერის ნაწილია, რასაც ხელისუფლების უმაღლესი პირები პირველი დღიდან საჯაროდ სთავაზობდნენ „აღიარე ყველაფერი, რაც დაგაბრალეს, ვითომ პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდი, ვითომ ვიღაცების დაკავებაში ხელს უშლიდი, შემდეგ დავალებით თავდაცვა განახორციელე ...ეს ყველაფერი აღიარე და ვიფიქრებთ სასჯელის შემსუბუქებაზე“. ეს შესთავაზეს. სხვა არაფერი არ აქვს ბრალდებას. ყველაფერი დაიბრალე, რაც ჩვენ ვერ დავადასტურეთო, მერე ვიფიქრებთ სასჯელის შემსუბუქებაზეო. მეტი ზეწოლა რა უნდა იყოს. ეს შეთავაზება ეს არის, ანუ მას [მზია ამაღლობელი] ეუბნებიან - ასეთი მართლმსაჯულებაა, არაფრის შანსი არ გაქვს. პატიმრობიდან თავის დაღწევისგან ერთადერთი შანსი გაქვს - დაიბრალე ყველაფერი და შემდეგ ვისაუბროთ რამდენს და როგორ შეგიმსუბუქებთ. ეს იყო ბრალდების დღევანდელი პოზიცია“,- განაცხადა მწარიაშვილმა.
ცნობისთვის: პროკურორი თორნიკე გოგეშვილი მზია ამაღლობლის საქმეზე ადვოკატებს საპროცესო შეთანხმების საკითხის განხილვას სთავაზობს.