Accentnews.ge
კობახიძე: ევროპაში ვიზით წახვალ თუ უვიზოდ, არ არის ეგზისტენციალური საკითხი

კობახიძე: ევროპაში ვიზით წახვალ თუ უვიზოდ, არ არის ეგზისტენციალური საკითხი

17/07/2025 11:38:48 ევროპა, პოლიტიკა

სადავო ლეგიტიმაციის მქონე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ულტიმატუმსა და შანტაჟს უწოდებს ევროკავშირის პირობებს უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად.

კობახიძე ამბობს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი, ისევე როგორც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც, მისი მტკიცებით, ქვეყანას რევოლუციისა და დესტაბილიზაციისგან იცავს.

„ეს კანონები არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საქართველოში იყოს დაცული არასრულწლოვანთა ინტერესები, ფასეულობები და არ დავუშვათ რევოლუციური პროცესები. ყველაზე მთავარი სიკეთე არის მშვიდობა და სტაბილურობა. თუ ასე დადგება საკითხი — ან მშვიდობა და სტაბილურობა, ან ვიზალიბერალიზაცია — ჩვენ, რა თქმა უნდა, უპირატესობას მივანიჭებთ მშვიდობას და სტაბილურობას. ეს ქართველი ხალხის არჩევანია“, — განაცხადა კობახიძემ.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ საკითხი ასე არ დგას, კობახიძემ უპასუხა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი იცავს ქვეყანას რევოლუციებისგან და ექსტრემიზმისგან.

„გამჭვირვალობას რომ გვიკრძალავენ, მშვიდობის და სტაბილურობის წართმევა უნდათ… ვიზალიბერალიზაცია ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეს დასჭირდება ვიზა იმისთვის, რომ გაემგზავროს საქართველოდან ევროპაში. მშვიდობა და სტაბილურობა არის ეგზისტენციალური საკითხები, ასევე — ოჯახური ღირებულებები. ევროპაში წახვალ ვიზით თუ უვიზოდ — არ არის ეგზისტენციალური საკითხი, მაგრამ რასაც გვთავაზობენ, რომ მშვიდობა და სტაბილურობა უნდა დაგვირღვიონ — ეს არის ეგზისტენციალური საკითხი. როცა ეგზისტენციალური საკითხი უპირისპირდება არაეგზისტენციალურ საკითხს, უპირატესობა უნდა მიანიჭო ეგზისტენციალურ საკითხს“, — განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას. მისი თქმით, ბრიუსელმა ჯერ პასუხი უნდა გასცეს, რატომ აფინანსებდა საქართველოში ძალადობასა და ექსტრემიზმს.

ამასთან, კობახიძე ამბობს, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერება აბსოლუტურად ირაციონალური იქნება და „კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს ევროპული ბიუროკრატია არ გადადგამს“.

„ყველა პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პასუხი. როცა საუბარია პატიმრებზე, თითოეულმა ამ პატიმარმა ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული. კეთილი ინებონ და დაგვისაბუთონ, თუ აქვთ რაიმე სამართლებრივი კითხვები რომელიმე საქმესთან. ასეთი კითხვები არ არსებობს, შესაბამისად, არის ცარიელი პოლიტიკური ულტიმატუმები. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის კანონი, რომელიც უკავშირდება ოჯახურ ღირებულებებს, რომელიც უკავშირდება გამჭვირვალობის დაცვას. ეს კანონი არის რევოლუციების გამჭვირვალობის შესახებ. თუ ვინმეს უნდა, საქართველოში დააფინანსოს რევოლუციური პროცესები — კი ბატონო, ოღონდ ეს გააკეთონ გამჭვირვალედ“, — განაცხადა კობახიძემ და თქვა, რომ ევროკავშირის ფონდების დაფინანსება იყო ჩართული საქართველოში ექსტრემიზმისა და რევოლუციური პროცესების წახალისებაში.

კობახიძემ „ჯანსაღი დისკუსიის“ მზადყოფნა გამოთქვა და ამავდროულად ბრიუსელი საბჭოთა მოსკოვს მიამსგავსა.

„მნიშვნელოვანია, ქართულ საზოგადოებას არ წარმოუჩინონ ევროკავშირი, როგორც საბჭოთა კავშირი. ეს ულტიმატუმები ასე მოსჩანს. საბჭოთა კავშირში რა ხდებოდა — მოდიოდა მოსკოვიდან დირექტივები, თუ არ შეასრულებდი, დაგსჯიდნენ. რით განსხვავდება მაშინ მოსკოვისგან ბრიუსელი? მოსკოვშიც ასე ხედავდნენ — უარგუმენტოდ ითხოვდნენ რაღაცებს. ჩვენ გვჭირდება არგუმენტები. ბრიუსელი არ უნდა დაემსგავსოს საბჭოთა მოსკოვს“, — დასძინა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ვიზალიბერალიზაციის 2024 წლის დეკემბრის ანგარიშის შესაბამისად, ევროკავშირი საქართველოსგან ითხოვს 8 რეკომენდაციის შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გამორიცხავს, დაიწყოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S